- მაისის ბოლოს კახეთი უდაბნო 2023-ს უმასპინძლებს
- ურთულესი რბოლა მოტოციკლებით, კვადროციკლებით, ბაგებით და ავტომობილებით
- მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც შესაბამისი ტექნიკა აქვს
28 მაისს, კახეთში ავტო და მოტოსპორტის მოყვარულებს დიდი ამბები ელოდებათ: გარეჯის უდაბნოში რალი რეიდი “უდაბნო 2023” დაიწყება.
ეს არის რბოლა უგზოობაზე, ურთულეს რელიეფზე, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა - თუკი მისი ტექნიკა დაშვებულ კლასებსა და კატეგორიებს დააკმაყოფილებს. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მრბოლელებს.
რაც შეეხება ტექნიკას: რბოლაში მონაწილეობა შესაძლებელია მოტოციკლებით, კვადროციკლებით, სერიულად წარმოებული ბაგებით, სერიულად წარმოებული ძარიანი ავტომობილებით და სპეციალური საშეჯიბრო ავტომობილების პროტოტიპებით.

რალი რეიდი ტარდება საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად, სპორტული და სარბოლო უნარების ასამაღლებლად, მაყურებელში საავტომობილო დისციპლინებისა და ტექნიკური სახეობების პოპულარიზაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის პროპაგანდისათვის. მაყურებლები იხილავენ, თუ როგორ მიჰყავთ ზღვარზე, ტექნიკის შესაძლებლობები ყველაზე ნიჭიერ მრბოლელებს.
შეჯიბრების მიზანია საუკეთესო მრბოლელების გამოვლენა, რალის და სარბოლო დისციპლინის განვითარება, ასევე მრბოლელების მომზადება ისეთი დიდი შეჯიბრებებისთვის, როგორებიცაა FIA Cross-Country Rally, Dakar Rally, Score BAJA 1000 და ა.შ.
გიგა მურღულია (ღონისძიების ხელმძღვანელი და ორგანიზატორი): "რალი რეიდი ადამიანის და ტექნიკის ყველაზე დიდი გამოცდაა დროის და რელიეფის წინააღმდეგ. როგორც ჩემთვის, ასევე ბევრი ავტომოყვარულისთვის პარიზ-დაკარი იყო და არის დიდი ოცნება. სწორედ დაკარი იყო ჩვენთვის შთაგონების წყარო, როდესაც უდაბნოს რალი რეიდის გაკეთება გადავწყვიტეთ. ჩვენი რალიც ზუსტად იმ მოტივებზეა დაფუძნებული, რაც დაკარ-რალის გამოარჩევს. როგორც დაკარია FIA-ს მსოფლიოს ჩემპიონატების ერთ-ერთი ეტაპი, ასევე ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მომავალში ჩვენი უდაბნოს რალიც მსოფლიოს რალი რეიდების ერთ-ერთი ეტაპი გახდეს.
ამისთვის უდიდესი შრომაა საჭირო და ჩვენც დიდი ხანია, ამ ღონისძიებისთვის ვემზადებით. თავს არ ვზოგავთ, რომ რბოლებმა უსაფრთხოდ ჩაიაროს და საინტერესო იყოს. ზოგადად, რალის ჩატარებისას მთავარი გამოწვევა სწორედ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაა. უდიდესი ყურადღებაა საჭირო როგორც დაგეგმვისას, ისე რალის მიმდინარეობის დროს - შვეულმფრენის მობილიზება, სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და მსაჯების სწორ ადგილებზე დაყენება და ა.შ. გვაქვს GPS-LIVE-კონტროლი და ასევე ე.წ. Road Book, ანუ, საგზაო წიგნი, რომელიც ძალიან დეტალურადაა შედგენილი. უსაფრთხოების საკითხები ყველაზე რთულია და ვამაყობთ, რომ ამ მხრივ მაქსიმუმს ვაკეთებთ. გვყავს უსაფრთხოების სპეციალური დელეგატები, რომლებსაც FIA-ს სერთიფიკატები აქვთ. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შერჩეულია ისეთი ადგილები, რომ რბოლების დროს არ დაზიანდეს ბუნება. ანუ, გარემოს ზიანი არ მიადგება და კვალს არ დავტოვებთ"
28 მაისს რალი რეიდის პირველი, გახსნითი ეტაპი გაიმართება, რომელიც 4 მონაკვეთისგან (ჯამში 250 კმ) შედგება. ჩქაროსნული სპეციალური მონაკვეთები გარეჯის უდაბნოში, ურთულეს რელიეფზე მოეწყობა, სარბოლო მონაკვეთები ძირითადად იქნება გრუნტიან და ქვიან ზედაპირზე. გახსნითი ეტაპის შემდეგ კიდევ ორი ეტაპი გაიმართება. მეორე ეტაპი 450-კილომეტრიანი ეტაპი იქნება, ხოლო მესამე - 800-კილომეტრიანი. უდაბნო 2023-ის მეორე და მესამე ეტაპები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება.
მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე გახსნილია და შესაძლებელია ამ ბმულზე, თუმცა მანამდე, უმჯობესია, დებულებას და რეგულაციებს გაეცნოთ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მაისი (23:00), მონაწილეთა ვინაობა 22 მაისს გახდება ცნობილი. ყველა სხვა საჭირო ინფორმაციას ვებგვერდ www.rallyraid.ge-ზე გაეცნობით.
კომენტარები