- ქართველი ძიუდოისტების მონაგარი უკვე 4 მედალია
- საქართველოს ნაკრები კაცთა გუნდურ ჩათვლაში გალიდერდა
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ქართული ფინალი ვიხილეთ. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე ლაშა ბექაურს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ერთ მსოფლიოს პირველობაზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა (პირველი ტატო გრიგალაშვილმა), რაც ისტორიული შედეგია. სათქმელია ისიც, რომ ეს მხოლოდ მე-4 შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ. აქამდე მსგავსი რამ მხოლოდ იაპონელ, ყაზახ და საბჭოთა კავშირელ ძიუდოისტებს მოუხერხებიათ.
შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ბექაურმა კომრონშოხ უსტოპირიონი (ტაჯიკეთი), ნემანია მაიდოვი (სერბეთი), მანსურ ლორსანოვი (ნეიტრალური ათლეტი) და სანშირო მურაო (იაპონია) დაჯაბნა, მაისურაძემ კი როლანდ გოზს (უნგრეთი), მიჰაელ ზგანკს (თურქეთი), ნოელ ვან ტ ენდსა (ნიდერლანდები) და კრისტიან პარლატის (იტალია) აჯობა.
ფინალი დაძაბული გამოდგა და მეტწილად ბექაურის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, "გოლდენ სქორში" ვაზარი მაისურაძემ მიითვალა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.

ეს, ქართველი ძიუდოისტებისთვის მე-12 ოქროს მედალია მსოფლიოს ჩემპიონატებზე, რომლებიც ათ ძიუდოისტზე მოდის.
საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ამირან ტოტიკაშვილი (60 კგ.), თემურ ხუბულური (2-ჯერ, 95 კგ.) და კობა კურტანიძე (95 კგ.) ასულან, საქართველოს სახელით კი ოქროს მედლები ლუხუმ ჩხვიმიანს (60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ.), ტატო გრიგალაშვილს (2-ჯერ, 2022, 2023), ირაკლი ცირეკიძეს (90 კგ.), გურამ თუშიშვილსა (+100 კგ.) და ლუკა მაისურაძეს (81 კგ.) აქვთ მოპოვებული.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე 4 მედალი აქვს აღებული. შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) კი ბრინჯაო მოიპოვა. ამ შედეგის წყალობით, ქართველი ძიუდოისტები კაცთა გუნდურ ჩათვლაში გალიდერდნენ, უახლოესი მდევარი კი იაპონიაა (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო).
ხვალ, ტატამიზე 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ და საქმეში ორ ქართველს ვიხილავთ. ილია სულამანიძე მე-2 წრეში ჯაფარ კოსტოევსა (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) და გონჩიგსურენ ბატხუიაგს (მონღოლეთი) შორის უმჯობესს დაელოდება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ასევე მე-2 რაუნდში ავტარ სინგისა (ინდოეთი) და ეშლი გონსალესის (რუმინეთი) ორთაბრძოლაში გამარჯვებულს დაელოდება.
კომენტარები