Thumbnail

'ბოლო 3-4 წელიწადი ურთულესია ჩემს ცხოვრებაში' - ბასილაშვილი გამოსავალს ეძებს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა გულშემატკივრებს მიმართა
  • 31 წლის ქართველმა სპორტსმენმა აღნიშნა, რომ ჩოგბურთი სიამოვნებას ვეღარ ანიჭებს

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 50-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, ჯერ სარდინიის ტურნირზე, შემდეგ რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ბადეში, მაგრამ დაბრუნება უიღბლო გამოდგა, რომში მან მატჩის დასრულებაც ვერ შეძლო. 31 წლის ჩოგბურთელი, რომელსაც თებერვლის შემდეგ არ მოუგია, ახლა მსოფლიო კლასიფიკაციაში მხოლოდ 173-ე პოზიციაზეა. ბასილაშვილმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა:

"დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. ამიტომაც მსურს ქომაგებს და იმ ხალხს, ვინც ჩემზე ზრუნავს, მცირე სიახლე მივაწოდო. ჩემთვის ბოლო 3-4 წელიწადი ძალიან რთული პერიოდი იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ კარიერაში...
ბოლო სამი წელია, რაც ვებრძვი იდაყვის ტრავმას, რომელიც სრული ენერგიით თამაშის საშუალებას არ მაძლევს. მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების ნახევარს ვიყენებ, ყოველდღე ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ახალ-ახალი გამოსავალის ძიებაში ვარ. კორტზე ყოველი გასვლა ენით აუწერელ ტკივილს მაყენებდა, რომელიც თავდაჯერებულობას მიკარგავს და ენერგიას მართმევს. არადა, ადრე ჩოგბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. 

მე მაინც არ ვნებდები, მჯერა, გამოსავალს ვიპოვი, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის".


შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2008 წლიდან პროფესიულ ჩოგბურთშია, სადაც მან თითქმის $9 მილიონი გამოიმუშავა. 2019 წელს ნიკოლოზი ATP-ის რეიტინგში ყველაზე მაღლა, მე-16 პოზიციაზე იყო. ბასილაშვილს ATP-ის ხუთი ტიტული აქვს მოგებული 2018-2021 წლებში. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის მაისში დააკავეს ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით, თუმცა შარშან სასამართლომ ქართველი ჩოგბურთელი უდანაშაულოდ ცნო. 

კომენტარები

ბოლო ამბები