Thumbnail

“მე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ვარ” - ეს სიტყვები ჯეისონ ტეიტუმმა მატჩის შემდეგ თქვა და ეტყობოდა, რომ შვებას გრძნობდა.

საქმე ისაა, რომ ფილადელფიასთან მე-6 მატჩში, რომლის წაგებაც ბოსტონ სელტიკსისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, ტეიტუმი მთელი სამი მეოთხედი ცუდად თამაშობდა (1/14 თამაშიდან), მაგრამ ბოლო, მეოთხე პერიოდში იმდენად მოუმატა, რომ მატჩის ბედი გადაწყვიტა და ბოსტონი გადაარჩინა. ბოლო მეოთხედში მან 4 სამქულიანი ჩააგდო (ჯამში 19 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი). და ბოლო პერიოდში სეზონის MVP ჯოელ ემბიიდს (26 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება, მაგრამ 4 დაკარგვაც), ტაირეზ მაქსის (26 ქულა) და სხვა ფილადელფიელებს საპასუხოდ აღარაფერი გამოუვიდათ. 

მოკლედ, თუ ბოლო პერიოდს არ ჩავთვლით, ტეიტუმს სუსტი დღე ჰქონდა. ჯამში მან თამაშიდან 21 მცდელობიდან მხოლოდ 5 ჩააგდო და 4 დაკარგვაც ჰქონდა. სამაგიეროდ მარკუს სმარტი იდგა მოწოდების სიმაღლეზე - 22 ქულა დააგროვა, 7 მოხსნაც გააკეთა და 7 ასისტიც შეასრულა. ჯეილენ ბრაუნმა სელტიკსს 17 ქულა შეაწია. აი, ფილას მეორე ლიდერ ჯეიმს ჰარდენს კი ბევრი არაფერი გამოუვიდა - 13 ქულა, 4/16 თამაშიდან.

აღსანიშნავია, რომ ბოსტონის სასტარტო ხუთეულში ამ პლეი ოფში პირველად ითამაშა რობერტ უილიამსმა და ძალიან კარგადაც. ფარს ბოსტონი აკონტროლებდა. ფილადელფიას ზუსტი სროლების მაჩვენებელი მხოლოდ 36,1 პროცენტი გახლდათ და სიქსერსი ვერც სამქულიანებს ისროდა კარგად (23,5%). კარგი პოზიციიდან სამიანებს ვერ აგდებდა პი-ჯეი ტაკერი (2/7 სამქულიანები).

თუმცა ფილადელფიამ დაცვაში ითამაშა კარგად. ეს განსაკუთრებით მაქსიზე (3 ჩაჭრა) და ჰარდენზე (ასევე 3 ჩაჭრა) ითქმის. მაგრამ მასპინძლებმა ბოსტონელთა 17 დაკარგვა სათანადოდ ვერ გამოიყენეს (სელტიკსს ამ პლეი ოფში ერთ თამაშში ამდენი დაკარგვა პირველად ჰქონდა).

TOP: სმარტი - FLOP: ჰარდენი

მართალია, თავისი 4 სამქულიანით მატჩის ბედი ბოლოს ტეიტუმმა გადაწყვიტა, მაგრამ ის ფაქტი, რომ საქმე საერთოდ მივიდა აქამდე, სმარტის დამსახურება გახლდათ და მატჩის საუკეთესო კალათბურთელის წოდებაც მას ეკუთვნის. მან ბევრჯერ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, კარგად პოულობდა თანაგუნდელებს და დაცვაშიც ძალიან კარგი იყო. ამ თამაშის მთავარი იმედგაცრუება კი ჰარდენია, რომელიც ამ პლეი ოფში ბევრჯერ შევაქეთ (აბსოლუტურად დამსახურებულად), მაგრამ ამჯერად ცუდი საღამო ჰქონდა. მისი არაზუსტი სროლები ფილასთვის ძალიან მტკივნეული იყო. იმ დროს, როცა საწყის სამ მეოთხედში ტეიტუმი არ ჩანდა, ჰარდენს ნამდვილად შეეძლო უფრო მეტი. პლუს ამას, მას 5 დაკარგვაც ჰქონდა. სხვათა შორის, ძალიან სუსტი იყო ტობიას ჰარისიც (2 ქულა 42 წუთში).

ამრიგად, ბოსტონი გავარდნას გადაურჩა და წინ მე-7 გადამწყვეტი თამაშია, რომელიც 15 მაისს, თბილისის დროით 03:30-ზე, ბოსტონში გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ისევ სელტიკსია ფავორიტი - TD Garden-ში ფილას ბოსტონის დამარცხება ძალიან გაუჭირდება…

კომენტარები

ბოლო ამბები