Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია
  • 23 წლის ქართველი ფეხბურთელით ავსტრიასა და შოტლანდიაში ინტერესდებიან  

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის მომავალთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, გაურკვევლობაა. 23 წლის ფეხბურთელს, რომელიც ბელგიური გენტიდან ბრატისლავის სლოვანში იჯარით თამაშობს, სეზონის დასრულების შემდეგ ახალი კლუბის მოძიება მოუწევს. 

გიორგი სლოვანში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასთან ერთად თამაშობს

სლოვაკები სინანულით წერენ, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, ჩაკვეტაძე სლოვანს დაემშვიდობება, რადგან ბრატისლავის კლუბს, სურვილის მიუხედავად, გენტისგან მისი ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვს, რომელიც ზოგიერთი წყაროს ცნობით, 2026 წლამდეა გაფორმებული. ვითარებას სწორედ ეს ართულებს.

ავსტრიულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენის რაპიდი ერთ-ერთია იმ კლუბებს შორის, რომლებიც საქართველოს ნაკრების შემტევით ინტერესდებიან. ბელგიურ Het Nieuwsblad-ზე დაყრდნობით კი იწერება, რომ გიორგის დამატების შესაძლებლობას, რაპიდთან ერთად, აბერდინიც განიხილავს, მაგრამ როგორც შოტლანდიურ, ისე ავსტრიულ კლუბს, ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა არ აქვს და უფრო რეალური იჯარის ვარიანტია. 

გიორგი ჩაკვეტაძის საბაზრო ფასი ამ დროისთვის 2.2 მილიონი ევროა

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ გენტში დინამო თბილისიდან 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ნიჭიერ ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გიორგის კარიერის აწყობაში ხელი ტრავმებმა შეუშალა, რის გამოც დიდი დრო გაუცდა. გენტმა შარშან ჩაკვეტაძე იჯარით ჯერ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ჰამბურგში გაუშვა, შემდეგ კი ბრატისლავის სლოვანში, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, გუნდის ღირსებას კი გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ.

გიორგიმ ჩაკვეტაძემ სლოვან ბრატისლავას მაისურით ყველა ტურნირის 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და მითვალა 9 საგოლე პასი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სეზონს ტრავმის გარეშე ატარებს და ფორმასაც იბრუნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები