- ქართველი სუმოისტი სასტარტო დღეს იაპონელ აკუას დაუპირისპირდება
- საზაფხულო სუპერტურნირი 14-28 მაისს ტოკიოში ჩატარდება
35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა საზაფხულო სუპერტურნირის საწყის დღეს მეტოქის ვინაობა შეიტყო.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაგეგმილ ნაცუ ბაშოს ძურიოს აღმოსავლეთის მე-5 ნომრის სტატუსით ხვდება და მისი უმთავრესი მიზანი კვლავაც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნებაა.
შეჯიბრის პირველ დღეს (სიო-ნიტი) ქართველი სეკიტორის პირისპირ დასავლეთის მე-5 ნომერ აკუა დადგება. ტოჩინოშინი 32 წლის იაპონელს კარიერის განმავლობაში 4-ჯერ შეხვედრია და თანაბარ ბალანსზეა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კასუგანო ბეიას რიკიშია, მისი დებიუტი სუმოში 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. ქართველი სუმოისტი ჯამში 101 ბაშოზე (აქ 3 ტრავმის გამო გამოტოვებულიც ითვლება) გამოვიდა, აქედან 80-ჯერ ელიტარულ – მაკუუჩი დივიზიონში.
ტოჩინოშინმა ერთხელ მოიგო უმაღლესი ჯილდო იმპერატორის თასი. ეს 5 წლის წინ მოხდა. 7 ბაშოს განმავლობაში ის ოძეკის (ჩემპიონი) რანგში ჭიდაობდა, იმპერატორის თასთან კი კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს (ვიცე-ჩემპიონი). ლევანმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო გინო-შო (ტექნიკური რიკიშის პრიზი), 2-ჯერ – შუკუნ-შო (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), 6-ჯერ – კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი), 2-ჯერ კი კინბოშიც (ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის) ერგო.
ტოჩინოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 609 მარცხია, თუმცა, კი, ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები აქვს: უკანასკნელ ორ წელიწადში 13-დან 11 ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ის სიტუაციის გამოსწორებას ნაცუ ბაშოზე ეცდება. 2023 წლის საზაფხულო სუპერტურნირი ტოკიოში 14-28 მაისს არის დაგეგმილი.
კომენტარები