Thumbnail

ძიუდო | თუშიშვილის ურთულესი გზა - რას უნდა ველოდოთ მძიმე წონაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 13 მაისს მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ბოლო წონაში გათამაშდება
  • გურამ თუშიშვილს წილისყრამ ძალიან ძლიერი მეტოქეები არგუნა

13 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ პირველობაში ბოლო მედლები გათამაშდება, ტატამიზე კი 28 წლის მძიმეწონოსან გურამ თუშიშვილს (+100 კგ.) ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2018 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აქვს მოპოვებული და 5 წლის თავზეც წონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა კი ურთულესი გზის გავლა მოუწევს.

გურამ თუშიშვილს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2018 წელს აქვს მოპოვებული

გურამი მე-2 წრეშია დაშვებული, სადაც უზბეკეთის ნაკრების წევრი შოხრუხხონ ბახტიოროვი ელის. ეს უკანასკნელი წელს თბილისის გრანდ სლემზეც გამოვიდა და ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. მშობლიურ ტურნირზე თუშიშვილი უმედლოდ დარჩა, ჩემპიონობა კი გელა ზაალიშვილმა იზეიმა, რომელიც ამჯერად მსოფლიოს პირველობაზე არ წაიყვანეს. სხვათა შორის, სწორედ ზაალიშვილმა მოუგო მეოთხედფინალში ხსენებულ ბახტიოროვსაც.

თუკი თუშიშვილმა უზბეკური ბარიერი დასძლია, დიდი ალბათობით, მერვედფინალში იაპონელ ტაცურუ საიტოს შეხვდება. ის შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტია, მას მერე კი იერუსალიმში გამართული მასტერსი მოიგო, ამდენად, ძალიან სერიოზული მეტოქეა.

ეს კიდევ არაფერი. ქართველი ძიუდოისტის ბადის ნაწილშია და თუკი მანამდე მოულოდნელი არაფერი მოხდა, თუშიშვილს შესაძლოა, უკვე მეოთხედფინალში გადაეყაროს ლეგენდარული ტედი რინერი. ის უკვე 34 წლისაა, თუმცა, ეცდება კატარში მსოფლიოს პირველობის მოგება კარიერაში მეთერთმეტედ (!) მოახერხოს.

გურამის ბადის ნახევარშია და არსებობს შანსი ჩვენებურს ნახევარფინალში გადაეყაროს მძიმე წონის რეიტინგის ლიდერი ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი), სხვა ფავორიტებიდან კი კოკორო კაგუერა (იაპონია), ცეცენცენგელ ოდხუუ (მონღოლეთი), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი), რაფაელ სილვა (ბრაზილია), მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ენდი გრანდა (კუბა), როი მეიერი (ნიდერლანდები) და ნეიტრალური ათლეტების რანგში მოასპარეზე რუსი ძიუდოისტები – ტამერლან ბაშაევი და ინალ ტასოევი უნდა გამოვარჩიოთ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების მონაგარი 4 მედალია. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალს ლაშა ბექაური (90 კგ.) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.). ამ შედეგით, საქართველო კაცთა საერთო ჩათვლაში ლიდერია, უახლოეს მდევარ იაპონიას კი 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები