- გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა
- სოფიო სომხიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ბრძოლა მოიგო და მეორეში დამარცხდა
ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა.
სამწუხაროდ, ინდივიდუალური ასპარეზობის მეშვიდე დღე წარუმატებელი გამოდგა. გურამ თუშიშვილიც და სოფიო სომხიშვილიც მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალიდან დაემშვიდობნენ. ორივე ქართველი განთესილი იყო და პირველი წრე გამოტოვეს, რის შემდეგაც მეორე წრეში მეტოქეთა დამარცხება მოახერხეს.
გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) უზბეკ შოხრუხხონ ბახტიოროვს მოუგო. მეტოქე ვაზარით იგებდა, თუმცა გურამმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა და მერვედფინალში გავიდა.
ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალში იაპონელ ტაცურო საიტოს შეხვდა, რომელმაც გურამი ერთ მომენტში შებოჭვაზე დაიჭირა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.
სოფიო სომხიშვილმაც 1/16 ფინალი კარგად დაიწყო. მან კინგა ვოლჩაკს ორი ვაზარი აუღო და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მას თურქმა კაირა საიტმა სძლია და ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.
კატარში მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ დასრულდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება და მედლის მოგებას ეცდება.
კომენტარები