Thumbnail

ზედიზედ მე-11 პოდიუმი - სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიოს თასი მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სანდრო ბაზაძემ მადრიდში ყველა ორთაბრძოლა მოიგო
  • ფინალში მან იტალიელი რიკარდო ნუჩიო დაამარცხა

სანდრო ბაზაძის, რომელიც მოხმალავეთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა, ტრიუმფული სეზონი გრძელდება - საერთაშორისო ასპარეზზე ზედიზედ მე-11 ტურნირია, როცა ქართველი სპორტსმენი პოდიუმზეა. ამჯერად, მან მადრიდში პრესტიჟული Villa de madrid მოიგო, რომელიც წლეულს მე-40-ედ ჩატარდა. 

პირველ წრეში სანდრომ სამხრეთკორეელი პანსოლ ჰა დაამარცხა - 15:12, შემდეგ ეტაპზე მან ჰას თანამემმაულე სანგვონ პარკსაც მოუგო - 15:11. შემდეგი მეტოქე ამერიკელი მიტჩელ სარონი იყო - 15:12 ქართველი მოფარიკავის სასარგებლოდ.

¼ ფინალში სანდრო ბაზაძემ საფრანგეთის წარმომადგენელი ბოლად აპიტი დაამარცხა - 15:10. ნახევარფინალშიც მეტოქე ფრანგი იყო, მაქსიმ პიანფეტი, სანდრომ, ამჯერად, 15:11 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. 

ფინალში სანდრო იტალიელ რიკარდო ნუჩიოს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად, 15:6 დაამარცხა. ახლა ბაზაძეს კარიერაში მადრიდული ტურნირის სამივე მედალი აქვს მოპოვებული (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო). 

14 მაისს მადრიდში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასი უკვე გუნდურში გაიმართება. სანდრო ბაზაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ვახტანგ არჩვაძე) ჰონკონგთან დაპირისპირებით იწყებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები