- საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
- ფინალურ ბლოკამდე ქართველებმა 3 შეხვედრა მოიგეს და 1 წააგეს
- ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის!
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში დღეს გუნდურ შეჯიბრში გრძელდება, სადაც საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ვაჟებისა და გოგონების შერეულმა ნაკრებმა 3 შეხვედრა მოიგო, 1 წააგო, რაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლების მომტანია.
თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველო ურთულეს ჯგუფში მოხვდა. პირველ წრეში ქართველმა ძიუდოისტებმა მონღოლეთს 4:2 აჯობეს, რაც ქალების დამსახურებაა. ეთერ ლიპარტელიანმა, ეთერ ასკილაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს, რასაც ლაშა ბექაურის გამარჯვებაც დაემატა. მართალია, გელა ზაალიშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დამარცხდნენ, მაგრამ საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 4:2 მოიგო და მეორე წრეში გავიდა.
საქართველო 4:2 მონღოლეთი
ლაშა ბექაური 1:0 ალტანბაგანა განტულგა
სოფიო სომხიშვილი 1:0 ადიასურენ ამარსაიხანი
გელა ზაალიშვილი 0:1 გონჩიგსურენ ბატხუიაგი
ეთერ ლიპარტელიანი 1:0 იჩინხორლოო მუნხტსედევი
ლაშა შავდათუაშვილი 0:1 ერდენებაიარ ბატზაია
ეთერ ასკილაშვილი 1:0 ნიამ-ერდენ ბაცუური
მერვედფინალში ქართველების მეტოქე ბრაზილია იყო, სადაც სცენარი საპირისპირო გამოდგა. ამჯერად, ვაჟებმა თქვეს გადამწყვეტი სიტყვა. გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიგეს, ლიპარტელიანი, ასკილაშვილი და სომხიშვილი კი დამარცხდნენ. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ტატამიზე გასვლა მაისურაძეს მოუწია, რომელმაც რაფაელ მასედოს ისევ აჯობა და საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა.
საქართველო 4:3 ბრაზილია
სოფიო სომხიშვილი 0:1 ბეატრის სოუზა
გურამ თუშიშვილი 1:0 რაფაელ სილვა
ეთერ ლიპარტელიანი 0:1 რაფაელა სილვა
ლაშა შავდათუაშვილი 1:0 ვილიამ ლიმა
ეთერ ასკილაშვილი 0:1 კეტლინ კუადროსი
ლუკა მაისურაძე 1:0 რაფაელ მასედო
ლუკა მაისურაძე 1:0 რაფაელ მასედო
მეოთხედფინალში საქართველოს უძლიერეს იაპონიასთან დაპირისპირება მოუწია და უშანსოდ, 1:4 წააგო. არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო, პირველივე დუელში თუშიშვილმა ცაცურუ საიტოს რამდენიმე წამში იპონით ულამაზეს სტილში აჯობა. სხვათა შორის, თუშიშვილი გუშინ ინდივიდუალურ შეჯიბრს სწორედ საიტოსთან მარცხით გამოეთიშა და დღეს რევანში აიღო. თუმცა, მომდევნო 4 ბრძოლა მეტოქეებმა მოიგეს. ლიპარტელიანი და ასკილაშვილი დამარცხდნენ, კოტე კაპანაძემ დამატებით დროში დათმო ბრძოლა სოიჩი ჰაშიმოტოსთან, ხოლო მაისურაძემ გოკი ტაჯიმასთან ვერაფერი გააწყო და ვაზარით წააგო. ამგვარად, საქართველომ რეპეშაჟში გადაინაცვლა, საიდანაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
იაპონია 4:1 საქართველო
ცაცურუ საიტო 0:1 გურამ თუშიშვილი
მომო ტამაოკი 1:0 ეთერ ლიპარტელიანი
სოიჩი ჰაშიმოტო 1:0 კოტე კაპანაძე
მოკა კუგავატა 1:0 ეთერ ასკილაშვილი
გოკი ტაჯიმა 1:0 ლუკა მაისურაძე
რეპეშაჟში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუპირისპირდა, რომელიც 4:2 დაამარცხა. ლიპარტელიანმა, მაისურაძემ, სომხიშვილმა და თუშიშვილმა მოიგეს, ხოლო ასკილაშვილმა და შავდათუაშვილმა თავიანთი ბრძოლები წააგეს. გადამწყვეტი გურამ თუშიშვილის მოგება იყო, რომელმაც ალიშერ იუსუპოვი იპონით შესანიშნავ სტილში დაამარცხა.
საქართველო 4:2 უზბეკეთი
ეთერ ლიპარტელიანი 1:0 შუხურჯონ ამინოვა
ლაშა შავდათუაშვილი 0:1 ობიდხონ ნომონოვი
ეთერ ასკილაშვილი 0:1 გულნოზა მატნიაზოვა
ლუკა მაისურაძე 1:0 მუსო სობიროვი
სოფიო სომხიშვილი 1:0 რინატა ილმატოვა
გურამ თუშიშვილი 1:0 ალიშერ იუსუპოვი

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათისთვის დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ პირველობაზე საქართველო 12 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და 4 მედალი მოიპოვა - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ოქროს, ლაშა ბექაური ვერცხლს, ხოლო გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა. ამ შედეგით საერთო ჩათვლაში მამაკაცებს შორის საქართველომ პირველი ადგილიც დაიკავა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
კომენტარები