Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა (ვაჟები და გოგონები) მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დამაჯერებლად, 4:2 დაამარცხეს. ეთერ ასკილაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა თავიანთი ბრძოლები წააგეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა აჯობეს მეტოქეებს, ხოლო გადამწყვეტ, მე-6 ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანმა სეიჯა ბალჰაუსი ვაზარით დაამარცხა, რის შედეგადაც, საქართველომ ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველო 4:2 გერმანია

ლაშა შავდათუაშვილი 1:0 ალექსანდერ ბერნდ გაბლერი
ეთერ ასკილაშვილი
0:1 ჯოვანა სკოჩიმარო
ლაშა ბექაური 1:0 მარტინ მატიასი
სოფიო სომხიშვილი 0:1 ანა მონტა ოლეკი
გურამ თუშიშვილი 1:0 ლოსენი კონე
ეთერ ლიპარტელიანი 1:0 სეიჯა ბალჰაუსი


საქართველოს ნაკრებმა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა A ჯგუფში დაიწყო, სადაც მონღოლეთი (4:2) და ბრაზილია (4:3) დაამარცხა, ხოლო შემდეგ იაპონიასთან წააგო (1:4) და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უზბეკეთის ნაკრებთან გაიმარჯვა (4:2). უფრო ვრცლად აღნიშნული გზის შესახებ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ...

გუნდურ შეჯიბრში მსოფლიოს ჩემპიონი იაპონიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში დრამატულ ბრძოლაში 4:3 აჯობა საფრანგეთის ნაკრებს. ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს გარდა, ნიდერლანდების ნაკრებსაც ერგო, რომელმაც მაროკოს ნაკრები დაამარცხა.

თუშიშვილმა საიტოსთან გუშინდელი მარცხისთვის რევანში ეფექტური იპონით აიღო

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ პირველობაზე საქართველო 12 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და 4 მედალი მოიპოვა - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ოქროს, ლაშა ბექაური ვერცხლს, ხოლო გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა. ამ შედეგით საერთო ჩათვლაში მამაკაცებს შორის საქართველომ პირველი ადგილიც დაიკავა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები