Thumbnail
  • საბურთალო 2:0 სამტრედია
  • დინამო თბილისი 6:1 თელავი
  • დინამო ბათუმი 3:1 გაგრა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩები რუსთავში, გორსა და ბათუმში გაიმართა. საბურთალომ სამტრედიას 2:0 მოუგო, დინამო თბილისმა თელავი 6:1 გაანადგურა, დინამო ბათუმმა, კი გაგრას 3:1 აჯობა. 

სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ბაზაზე თბილისის საბურთალომ სამტრედიას უმასპინძლა და მეტოქის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა. მასპინძლებს ანგარიშის გახსნა 35-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა იური ტაბატაძის დარტყმული პენალტი რეზო ლომიძემ მოიგერია. პირველ ტაიმის შემდეგ ანგარიში ფრე, 0:0 იყო. მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი სიხარულიძემ ორჯერ გაიტანა: ჯერ 70-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 90+1-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:0. 

ამ მოგებით საბურთალომ 26 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ომარ თეთრაძის გუნდი გაგრას შეხვდება. სამტრედიას 14 მატჩის შემდეგ 7 ქულა აქვს და ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. გიორგი შაშიაშვილის გუნდი შემდეგ ტურში გორის დილას დაუპირისპირდება. 

დინამო თბილისმა თელავს გორში უმასპინძლა და მოწინააღმდეგეს დიდი სხვაობით სძლია. პირველი ტაიმი საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 3:0 მოიგო, გოლები ომარ იმრანმა, გიორგი მაისურაძემ და უსმანე კამარამ გაიტანეს. მეორე ნახევარში თბილისელებმა მეტოქის კარი კიდევ სამჯერ აიღეს, ამჯერად თავი ვაგნერ გონსალვესმა, ალექსანდრე კალანდაძემ და დავით სხირტლაძემ გამოიჩინეს. თელავის მხრიდან პრესტიჟის გოლი იმედა აშორტიამ შეაგდო და დინამომ 6:1 გაიმარჯვა. 

ამ მოგებით თბილისურმა გუნდმა 27 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას გია ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები შუქურას წინააღმდეგ ჩაატარებენ. თელავს მარცხის შემდეგ 8 ქულა დარჩა და ცხრილში მე-8 პოზიციაზეა. გიორგი მიქაძის გუნდი შემდეგ მატჩში ქუთაისის ტორპედოს შეხვდება. 

ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე გაგრა მიიღო და სტუმრები 3:1 დაამარცხა. ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი ზარიამ გახსნა, ფლამარიონ ჯოვინომ მე-18 წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმი ბათუმელებმა 2:0 მოიგეს. 75-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა გაიტანა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 4 წუთში ჯოვინომ დუბლი გაიფორმა და დინამომ 3:1 მოიგო. 

გამარჯვების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 31 ქულა დაუგროვდა და წყალტუბოს სამგურალთან ერთად ჩემპიონატის თანალიდერია. მომდევნო ტურში დინამო ბათუმი სწორედ სამგურალს შეხვდება. გაგრას 11 ქულა დარჩა და ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას გაგა კირკიტაძის ფეხბურთელები საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

საბურთალო 2:0 სამტრედია

გოლები: 1:0, 2:0 სიხარულიძე (‘70, ‘90+1)

გაფუჭებული პენალტი: იური ტაბატაძე ('35)

დინამო თბილისი 6:1 თელავი

გოლები: 1:0 იმრანი (‘20), 2:0 მაისურაძე (‘27), 3:0 კამარა (‘34), 4:0 გონსალვესი (‘46), 5:0 კალანდაძე (‘62), 6:0 სხირტლაძე (‘80), 6:1 აშორტია (‘84)

დინამო ბათუმი 3:1 გაგრა

გოლები: 1:0 ზარია (‘4), 2:0 ჯოვინო (‘18), 2:1 მუსელიანი (‘75, პენ.), 3:1 ჯოვინო (‘79)

კომენტარები

ბოლო ამბები