- ესპანიოლი 2:4 ბარსელონა
- ჩავის გუნდმა ჩემპიონობა 4 ტურით ადრე გაიფორმა
- რობერტ ლევანდოვსკიმ დერბიში დუბლი შეასრულა
ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში ბარსელონამ კატალონიურ დერბიში ესპანიოლი 4:2 დაამარცხა და ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმა. "ბლაუგრანასთვის" ეს ლა ლიგის 27-ე ტიტულია ისტორიაში და პირველი 2019 წლის შემდეგ.
ჩავის გუნდმა ანგარიში თამაშის დაწყებიდან მალევე გახსნა. მე-11 წუთზე ალეხანდრო ბალდეს ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ლევანდოვსკიმ გოლად აქცია. ასისტის შემდეგ ზუსტად 9 წუთში გოლი ბალდემაც გაიტანა - პედრის შესანიშნავი თამაშისა და პასის შემდეგ ესპანელმა ფეხბურთელმა ესპანიოლის მცველს ორთაბრძოლა მოუგო და ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა 2:0. პირველი ნახევრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დუბლი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21 გოლი დაუგროვდა - ბარსამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შეცდომით ისარგებლა, ბოლოს კი რაფინიამ პასის შედეგად პოლონელი ფეხბურთელი ცარიელ კარებთან დატოვა და ანგარიში 3:0 გახდა.
მეორე ტაიმში ბარსელონამ ესპანიოლის განადგურება გააგრძელა. 53-ე წუთზე დე იონგის პასით კუნდემ გოლი თავით გაიტანა და უპირატესობა ოთხამდე გაზარდა. მასპინძლებმა ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხეს, ხავი პუადო მეკარესთან პირისპირ გავიდა და ტერ შტეგენს ბურთი თავზე გადაუგდო. ბოლო წუთზე კი კიდევ ერთი გოლი ხოსელუმ გაიტანა.

ბარსას 85 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის რეალს 14 ქულით გაასწრო. ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, შესაბამისად სამეფო კლუბს კატალონიელების დაწევის თეორიული შანსიც არ აქვს. რაც შეეხება ესპანიოლს, გუნდი მძიმე სიტუაციაშია, რადგან 31 ქულა აქვს, მე-19 ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფ ვალიადოლიდს 4 ქულით ჩამორჩება.
საინტერესო ფაქტები
🟠 ბარსელონასთვის ეს ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტიტულია.
🟠 კატალონიური კლუბი 4 წელია ჩემპიონი არ გამხდარა.
🟠 ჩავის გუნდს 34 შეხვედრაში მხოლოდ 12 გოლი აქვს გაშვებული, რაც საუკეთესო შედეგია (მეორე საუკეთესო შედეგი ატლეტიკოს აქვს - 27 გაშვებული გოლი).
🟠 ესპანიოლს 40 გოლი აქვს გატანილი, რაც ცხრილის მეორე ნახევარში მყოფ გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
🟠 რობერტ ლევანდოვსკის 21 გოლი დაუგროვდა და უახლოეს მდევარს, ბენზემას 4 გოლით გაუსწრო.
🟠 ამ გუნდებს შორის ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გავიდა მინიმუმ 4 გოლი.
კომენტარები