- ბოსტონ სელტიკსი 112:88 ფილადელფია სიქსერსი
- ბოსტონმა სერია დახურა და მაიამი ელოდება
ჯეისონ ტეიტუმი ზუსტად მაშინ გამოჩნდა, როცა თავის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა - 51 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი, მე-7 მატჩის რეკორდი და განადგურებული ფილადელფია. სელტიკსმა სიქსერსს TD Garden-ში 112:88 მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც ჯიმი ბატლერის მაიამი ელოდება.
"კელტებმა" დოკ რივერსის გუნდს სერია დაუტრიალეს - ფილა 3:2-ს იგებდა, მაგრამ ტეიტუმმა ზედიზედ ორ შეხვედრაში თავისი გუნდი გადაარჩინა. მე-7 შეხვედრა მესამე მეოთხედამდე დაძაბული იყო და თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი ფილამ 6 ქულით მოიგო, დიდ შესვენებამდე კი ბოსტონმა წინ გასვლა მოახერხა. სიქსერსისთვის მესამე პერიოდი დამღუპველი აღმოჩნდა, მეტოქეს ჯეისონ ტეიტუმის ლიდერობით ყველაფერი გამოსდიოდა, 25 წლის კალათბურთელი კი ყველაფერს აგდებდა. სელტიკსმა ეს მეოთხედი 33:10 მოიგო! რაც, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იყო.

ტეიტუმმა 51 ქულით Game 7-ის რეკორდი დაამყარა, რომელიც ცოტა ხნის წინ სტეფ კარიმ, საკრამენტო კინგსთან სერიის მე-7 შეხვედრაში მოხსნა (50 ქულა). ამ შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ტეიტუმს ტაშს უკრავდა. მასპინძლების მხრიდან მეორე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 25 ქულით ჯეილენ ბრაუნი იყო. ჯოელ ემბიიდსა და ჯეიმს ჰარდენს ძალიან ცუდი შეხვედრა ჰქონდათ, ჯამში მათ 24 ქულა დააგროვეს და როცა გუნდის ორ წამყვან კალათბურთელს ასეთი შედეგი აქვს, მოგება წარმოუდგენელია. ფილადელფია პლეი ოფის მეორე რაუნდს 2001 წლის შემდეგ არ გამცდარა.
ერთი სიტყვით, ბოსტონ სელტიკსს კონფერენციის ფინალში ჯიმი ბატლერის მაიამი ჰიტი ელოდება, რომელმაც ჯერ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, მილუოკი ბაქსი გამოაგდო, შემდეგ კი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა ნიუ იორკ ნიკსი.
კომენტარები