გასული უიკენდის (და არა მარტო) უმთავრესი მოვლენა ქართული სპორტისთვის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებაა - გუნდური ბრინჯაოს მედლით ქართული ძიუდოს ახალი ისტორია დაიწერა, თუმცა კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებული მსოფლიო პირველობა მხოლოდ ამიტომ არ ყოფილა გამორჩეული. ისტორიის წერას აგრძელებს ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც, რომელმაც მსოფლიო თასზე ზედიზედ მეთერთმეტედ მოახერხა პოდიუმზე ასვლა. ფეხბურთის ლეგიონერებიდან კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წარმატება გიორგი მამარდაშვილს ჰქონდა, რომელიც 5 სეივით დაეხმარა გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაბმულ ვალენსიას. შაბათ-კვირის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში.
ძიუდო | ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა (ვაჟები და გოგონები) მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ისტორიული ამბავია. ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დამაჯერებლად, 4:2 დაამარცხეს. ეთერ ასკილაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა თავიანთი ბრძოლები წააგეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა აჯობეს მეტოქეებს, ხოლო გადამწყვეტ, მე-6 ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანმა სეიჯა ბალჰაუსი ვაზარით დაამარცხა, რის შედეგადაც, საქართველომ ბრინჯაო მოიპოვა. ამ ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა.
გარდა ამისა: მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე საქართველომ ორი ოქრო ისტორიაში პირველად მოიპოვა (გრიგალაშვილი, მაისურაძე). ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი, ვინც საქართველოს სახელით ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აქამდე ქართველთაგან ეს თემურ ხუბულურმა შეძლო, ოღონდ, საბჭოთა კავშირის სახელით. ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) სულაც სამგზის ჩემპიონია, ოღონდ, საბერძნეთის სახელით. ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი ვიხილეთ - მაისურაძე ბექაურის წინააღმდეგ.
📋 | ქართველი ძიუდოისტების ყველა ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები მსოფლიოს ჩემპიონატიდან ნახეთ აქ.
ფარიკაობა | ბაზაძის მე-11 პოდიუმი
სანდრო ბაზაძის (პირველი ადგილი მსოფლიო რეიტინგში) ტრიუმფული სეზონი გრძელდება. საერთაშორისო ასპარეზზე ზედიზედ მე-11 ტურნირია, ქართველი სპორტსმენი პოდიუმზეა! ამჯერად, მან მადრიდში პრესტიჟული Villa de madrid მოიგო, რომელიც წლეულს მე-40-ედ ჩატარდა.
📋 | სანდრო ბაზაძის მორიგ წარმატებაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.
ვალენსია | მამარდაშვილის 5 სეივი სელტასთან
ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია სელტას დაუპირისპირდა, 1:0 დაამარცხა და გასავარდ ზონას 3 ქულით დაშორდა. გარდა იმისა, რომ ქართველ მეკარეს 5 სეივი ჰქონდა, მან "ღამურების" პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მე-8 წუთზე მამარდაშვილმა გრძელი პასი გაუკეთა დიეგო ლოპესს, რომელმაც ფლანგიდან ჯასტინ კლუივერტი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიშიც გაიხსნა.
📋 | მატჩის მიმოხილვა ნახეთ აქ.
სლოვანი | ჩემპიონობა და ვაისის რჩევა ჩაკვეტაძეს
ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის სლოვანმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონატი. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ზედიზედ მეორედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები, აი, გიორგი ჩაკვეტაძისთვის კი ეს ტიტული პირველია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სლოვანს ზედიზედ მესამედ მოაგებინა ჩემპიონატი. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძის ჩაკვეტაძის მომავალი გაურკვეველია. 23 წლის ნახევარმცველს სლოვანთან საიჯარო ხელშეკრულება იწურება, კონტრაქტით კი ჯერაც ბელგიურ გენტს ეკუთვნის. ვაისმა სწორედ მის შესახებ ისაუბრა და რჩევაც მისცა.
📋 | რა თქვა ვაისმა ჩაკვეტაძეზე, წაიკითხეთ აქ.
NBA | ტეიტუმის შოუ ფილასთან მე-7 მატჩში
ჯეისონ ტეიტუმი ზუსტად მაშინ გამოჩნდა, როცა თავის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა - 51 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი, მე-7 მატჩის რეკორდი და განადგურებული ფილადელფია. სელტიკსმა სიქსერსს TD Garden-ში 112:88 მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც ჯიმი ბატლერის მაიამი ელოდება.
📋 | ბოსტონისა და ფილადელფიას მე-7 მატჩის მიმოხილვა ნახეთ აქ.
კომენტარები