Thumbnail

ოთხი ქართველი ლიდერებში - ძიუდოისტების ისტორიული შედეგი IJF-ს რეიტინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელმაც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგი მოიტანა: შვიდიდან ერთბაშად ოთხ წონით კატეგორიას ქართველი ძიუდოისტები ლიდერობენ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) მსოფლიოს პირველობამდეც წონის პირველი ნომრები იყვნენ, მათ რიგებს კი ლუკა მაისურაძე (90 კგ.) შეუერთდა, რომელიც დოჰაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

60 კგ.

ამ წონაში მე-5 ადგილი შეინარჩუნა გიორგი სარდალაშვილმა (4 906 ქულა), რომელმაც გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 19 წლის ქართველი ძიუდოისტი მხოლოდ იუნგ ვეი იანგს (ტაივანი, 5 740), ფრანსისკო გარიგოსს (ესპანეთი, 5 734), ჰარიმ ლისა (სამხრეთ კორეა, 5 270) და ბალაბაი აღაიევს (აზერბაიჯანი, 5 081) ჩამორჩება. ლუხუმ ჩხვიმიანი (2 262) მეოცეა, თემურ ნოზაძე (2 125) – 22-ე, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (933) – 42-ე.

66 კგ.

ერთი პოზიციით დაქვეითდა ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც კატარში ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება წააგო. ის 4 591 ქულით მეხუთეა და დენის ვიერუს (მოლდოვა, 6 985), ჰიფუმი აბეს (იაპონია, 6 100), ბასხუუ იონდონპერენლეისა (5 584), და იოშირო მარუიამას (იაპონია, 4 800) ჩამორჩება. ამავე წონაში 1 254 ქულით 33-ე ადგილი უკავია გიორგი თუთაშვილს.

ლაშა შავდათუაშვილი დოჰაში მედლის გარეშე დარჩა, თუმცა, წონაში ლიდერობა შეინარჩუნა

73 კგ.

წარუმატებელი მსოფლიოს პირველობის (მე-2 წრეში დამარცხდა) მიუხედავად, წონის ლიდერად დარჩა ლაშა შავდათუაშვილი (6 496). მისი უახლოესი მდევრები ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, 6 280), ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი, 5 796), მსოფლიოს მოულოდნელი ჩემპიონი ნილს სტამპი (შვეიცარია, 5 100) და დანიელ კარნინი (ბრაზილია 4 739) არიან. გიორგი ტერაშვილს 1 832 ქულით 22-ე პოზიცია უკავია.

81 კგ.

პირველობა კიდევ უფრო გაიმყარა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მე-2 ოქროს მედალი მოიპოვა. მის აქტივში 10 346 ქულაა, რაც კაცთა და ქალთა ყველა წონითი კატეგორიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. მეტიც, ტატოსთან ახლოსაც კი არავინაა. მე-2 ადგილზე მყოფ იაპონელ საკი ნიიზოეს, რომელიც ქალთა 70 კგ-მდე წონაშია, “მხოლოდ” 7 750 ქულა აქვს. გრიგალაშვილის გარდა, მოწინავე ხუთეულში არიან მატიას კასე (ბელგია, 8 705), საეიდ მოლაეი (აზერბაიჯანი, 5 905), ტაკანორი ნაგასე (იაპონია, 4 300) და ჯონჰვან ლი (სამხრეთ კორეა, 4 220). 

90 კგ.

ამ წონის სათავეში კარიერაში პირველად ლუკა მაისურაძე მოექცა, რომელმაც მსოფლიოს პირველობის ფინალში ლაშა ბექაურს სძლია და თავი 7 050 ქულას მოუყარა. ბექაურმა (5 100) მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მე-4 პოზიცია კი ბექა ღვინიაშვილს (5 293) უკავია. ამდენად, ამ წონით კატეგორიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული. ლიდერთ ხუთეულში იაპონელი სანშირო მურაო (6 500) და დავლატ ბობონოვიც (უზბეკეთი, 6 098) იმყოფებიან.

90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ლუკა მაისურაძემ ლაშა ბექაურს სძლია

100 კგ.

6 783 ქულით პირველ ადგილზე დარჩა ილია სულამანიძე, რომელმაც დოჰაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო. მას კვალში ზელიმ კოცოიევი (5 911), მიხაელ კორელი (ნიდერლანდები, 5 863), კაილ რეიესი (კანადა, 4 728) და შადი ელნაჰასი (4 586) უდგანან, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 775) მეცხრეა, ონისე სანებლიძე (2 300) – 23-ე, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 355) – 32-ე.


+100 კგ.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტს მოწინავე ათეულში ვეღარ ვხედავთ მძიმე წონაში. გელა ზაალიშვილი (3 472), რომელიც კატარში მხოლოდ გუნდურ ტურნირში გამოჩნდა, მე-11 ადგილზეა, ხოლო გურამ თუშიშვილს (3 285) მე-13 პოზიცია უკავია. ამას გარდა, საბა ინანეიშვილი (1 110) 38-ე გახლავთ, ხოლო ლევან მატიაშვილი (866) – 46-ე. წონის ლიდერები ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი, 6 050), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი, 5 290), ტაცურუ საიტო (იაპონია, 4 920), ცეცენცენგელ ოდხუუ (მონღოლეთი, 4 563) და ტედი რინერი (საფრანგეთი, 4 550) არიან, რომელიც დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მე-11-ედ (!) გახდა.

ქალები

ეთერ ლიპარტელიანი (4 321) 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-7 ადგილზე დარჩა, ეთერ ასკილაშვილი (310) 63 კგ-ში 14 ადგილით დაწინაურდა და 79-ეა, მარიამ ჭანტურიას (278) 78 კგ-ში 71-ე პოზიცია უკავია, ხოლო მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (2 723) 1 საფეხურით აღზევდა და მეჩვიდმეტეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ინდივიდუალურ ტურნირში კი 4 მედალი ჰქონდა: ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ვერცხლს ლაშა ბექაური (90 კგ.) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.). რეიტინგში მორიგ ცვლილებებს ავსტრიის ქალაქ ლინცში 25-27 მაისს დაგეგმილი გრან პრის შემდეგ უნდა ველოდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები