Thumbnail

ფარიკაობა | ბაზაძემ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან უპირატესობა გაზარდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კიდევ უფრო მეტად დაწინაურდა ფარიკაობის საერთაშორის ფედერაციის (FIE) რეიტინგში და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან უკვე ძალიან კომფორტული უპირატესობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძე მოხმალავეთა კლასიფიკაციაში სილაგის 23 ქულით უსწრებდა, დღეს განახლებულ რეიტინგში კი სხვაობა საგრძნობლად გაზარდა: მასსა და უნგრელს შორის უკვე 66-ქულიანი დაშორებაა. სანდროს 272 ქულა აქვს, ხოლო არონს - 206. ლიდერებს კიდევ უფრო დიდი სხვაობით ჩამორჩება მე-3 ადგილზე მყოფი ლუიჯი სამელე. იტალიელი მოფარიკავის აქტივში 144 ქულაა.

ბაზაძის ასეთი წარმატება გასულ უქმეებზე მის მიერ დაფიქსირებული შედეგის გამოძახილია. შეგახსენებთ, რომ სანდრომ მადრიდის მსოფლიო თასზე წაუგებლად იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამგვარად, კიდევ უფრო გაგრძელდა ბაზაძის უნიკალური სერია: ზედიზედ 11 ტურნირია (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი ან მსოფლიოს თასი), ქართველი მოფარიკავე კვარცხლბეკს მიღმა არ დარჩენილა. მის ანგარიშზე 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

ბოლო ამბები