- 📅 16 მაისი | 🏟 სან სირო ⌚ | 23:00 | ⚽ ინტერი V მილანი
- ინტერს დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ მილანის ჩამოწერა არასდროს შეიძლება
- ბოლო დროს "ნერაძური" ბევრად უკეთეს ფორმაშია, ვიდრე "როსონერი"
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ...
მილანის ინტერი ბოლო იტალიური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო (2010) და 13 წლის შემდეგ "ნერაძური" ძალიან ახლოსაა ფინალთან.
სიმონე ინძაგის გუნდმა 1 კვირის წინ "დერბი დელა მადონინაში" ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, თამაშიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგო. ინტერმა მილანს ნომინალური სტუმრის რანგში აშკარად აჯობა, საწყის წუთებში გადაწყვიტა მატჩის ბედი. მილანი რაფაელ ლეაოს გარეშე ძალიან უსახური იყო, დაცვაში უპატიებელი შეცდომები დაუშვა და თითქოს, უიმედობაც ეტყობოდა.
ზოგადად, ბოლო პერიოდი ორივე გუნდისთვის კონტრასტულია. მილანს უჭირს, ქულებს სერია A-შიც გაჭირვებით აგროვებს - მაგალითად, ბოლო ტურში გასავარდნ ზონაში მყოფ სპეციასთან წააგო (0:2). ინტერი კი პირიქით, სეზონის ბოლოს დიდებულ ფორმაში შევიდა: თუ "ნერაძურის" მანამდე ძალიან უჭირდა ქულების დაგროვება, გოლების გატანა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ინძაგის გუნდის შეტევა იდეალურად ფუნქციონირებს და ამიტომაცაა, რომ გუნდმა სერია A-ში ოთხეულში თავი პრაქტიკულად დაიმკვიდრა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიც შესანიშნავად გამოიყურება. მოკლედ, ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ინტერი ფინალში უნდა გავიდეს.
თუმცა, "როსონერის" ბანაკში მაინც ოპტიმისტურ განწყობაზე არიან. მაგალითად, სტეფანო პიოლი სპეციასთან წაგებით შეშფოთებული სულაც არ იყო და მატჩის მერე თქვა, რომ ფეხბურთელების გონებაში მხოლოდ ინტერთან თამაშია, ამიტომ აუტსაიდერთან მარცხი მისთვის გასაკვირი არ ყოფილა. მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ კი სულაც უფრო ხმამაღალი განაცხადი გააკეთა - ფინალში გასვლის გვჯერა, რატომ არ უნდა გვჯეროდეს, ვინ იფიქრებდა, რომ ნაპოლის სტუმრად 4:0-ს მოვუგებდითო?!... მოკლედ, შავ-წითელ ბანაკში დანებებას არ აპირებენ. ყველაფერი მოედანზე უნდა გამოჩნდეს, მაგრამ რაც აქამდე გამოჩნდა, ინტერი გაცილებით კარგ ფორმაშია და შემადგენლობაც უფრო მრავალფეროვამი ჰყავს, ვიდრე მეტოქეს.
მილანში ისევ არ არის გადაწყვეტილი რაფაელ ლეაოს თამაშის საკითხი. ყველაფერი წესით მატჩის დღეს გადაწყდება. ფაქტია, ლეაოს გარეშე მილანის შემტევი პოტენციალი მნიშვნელოვნად ეცემა. ზოგადად, შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია, რომ მილანისთვის ლეაოს გარეშე თამაში არა მარტო ტექნიკური თვალსაზრისით არის სერიოზული პრობლემა, არამედ ფსიქოლოგიურადაც დიდი დარტყმაა. მიმდინარე სეზონში, როდესაც პორტუგალიელი ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მილანმა ერთადერთი თამაში მოიგო (5 ფრე, 4 წაგება). მარტივი სტატისტიკიდანაც ჩანს, რა ძალას წარმოადგენს ის შავ-წითლებისთვის...
მიმდინარე სეზონში ისინი უკვე 4-ჯერ დაუპირისპირდნენ: სექტემბერში მილანმა მოიგო (3:2), მაგრამ ჯერ იანვარში იტალიის სუპერთასზე აიღო ინტერმა რევანში (3:0), მერე თებერვალში სერია A-ს მეორე წრის მატჩიც მოუგო (1:0) და ერთი კვირის წინაც დაამარცხა (2:0).
მილანური დერბი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფსა და ნახევარფინალში სიახლე არ არის. 20 წლის წინ ფინალში მილანი გავიდა. პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მეორე თამაშში კი ანდრეი შევჩენკოს ობაფემი მარტინსმა უპასუხა. ვინაიდან იმ მატჩში ნომინალური სტუმარი მილანი იყო და მოქმედებდა სტუმრად გატანილი გოლის წესი, მომდევნო ეტაპზე "როსონერი" გავიდა, რომელმაც საბოლოოდ ტურნირიც მოიგო. ინტერს რევანშის შანსი 2 წლის მერე მიეცა, მეოთხედფინალში, მაგრამ ამჯერად მილანი კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო, დაუძინებელ მტერს ორივე თამაში მოუგო (2:0 და 3:0). თუმცა, მეორე შეხვედრაში მილანს ტექნიკური მოგება მიენიჭა, რადგან თამაში შეწყდა და დამნაშავედ "ნერაძურის" ფანები მიიჩნიეს.
საინტერესო ფაქტები
🟠 მიმდინარე სეზონში ინტერმა მილანი 3-ჯერ დაამარცხა (სერია A-ში, იტალიის სუპერთასზე და ჩემპიონთა ლიგაში). "ნერაძურიმ" ერთ სეზონში 4 დერბი ბოლოს 1973/74 წლების სეზონში მოიგო (ორჯერ სერია A-ში, ორჯერ იტალიის თასზე).
🟠 მილანმა ინტერთან ბოლო 3 თამაში წააგო, თან გოლიც ვერ გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ შეხვედრაში 31 დარტყმა ჰქონდა. "როსონერის" ინტერთან ზედიზედ 4 მატჩი უგოლოდ არასდროს ჩაუტარებია.
🟠 ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა ნახევარფინალის პირველი მატჩი 2 ან მეტი გოლის სხვაობით მოიგო, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა. ეს გუნდია ბარსელონა, რომელმაც 2018/19 წლების სეზონში ლივერპულს 3:0 აჯობა, მაგრამ სტუმრად 0:4 წააგო. მილანის ფორვარდმა დივოკ ორიგიმ იმ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
🟠 ინტერი ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში მეექვსედ გასვლას ეცდება და პირველად 2009/10 წლების სეზონის შემდეგ. თუ ასე მოხდა, სიმონე ინძაგი იქნება მე-5 იტალიელი მწვრთნელი, ვინც იტალიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანს (არა ჩემპიონთა თასის), ფაბიო კაპელოს (3-ჯერ მილანი), მარჩელო ლიპის (4-ჯერ იუვენტუსი), კარლო ანჩელოტის (3-ჯერ მილანი) და მასიმილიანო ალეგრის (2-ჯერ იუვენტუსი) შემდეგ.
🟠 მილანმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე ბოლო 16 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (8 ფრე, 7 წაგება). ეს ერთადერთი მოგება იყო 2007 წლის აპრილში, მიუნხენში, ბაიერნის წინააღმდეგ (2:0). ზოგადად, მილანმა, რომელსაც მინიმუმ 2 გოლი აქვს გასატანი, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 24 საგარეო შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაიტანა (საშუალოდ 0.6 გოლი თამაშში).
🟠 ინტერი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პლეი ოფში არასდროს ჩამორჩებოდა ანგარიშში (3 მოგება, 2 ფრე), ხუთიდან 4 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა. ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა პლეი ოფში დაუმარცხებლად შეძლო, მას მერე, რაც ტურნირზე მერვედფინალური ეტაპი არსებობს (2003/04 წლების სეზონიდან, მერვედფინალიდან ნახევარფინალის ჩათვლით დაუმარცხებელი სერია) ტურინის იუვენტუსია, რომელმაც ეს ორჯერ გააკეთა (2014/15 და 2016/17 წლების სეზონებში).
🟠 ოლივიე ჟირუს ჩემპიონთა ლიგაში 23-ვე გოლი საჯარიმოს შიგნიდან აქვს გატანილი.
🟠 ინტერის ფეხბურთელმა ფედერიკო დიმარკომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ღია თამაშისას 5 საგოლე პასი გააკეთა, რაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია. ეს არის ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2003/04 წლების სეზონიდან ინტერის ფეხბურთელებში. მსგავსი შედეგი ჰქონდათ ვესლი სნეიდერსა (2009/10) და სამუელ ეტო’ოს (2010/11).
🟠 ალესანდრო ბასტონი არის ცენტრალური მცველი, რომლის უშუალო მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გავიდა (8). მას ყველაზე მეტი შეხება აქვს ინტერში ბურთთან (617) და მეტოქის საჯარიმოსკენ პასებითაც ლიდერია (65).
🟠 ინტერის ბოლოს 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 2-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 მილანის ბოლო 5 მატჩში 5-ჯერვე 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, 2-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ორივე გუნდმა კი 4-ჯერ ვერ გაიტანა.
🟠 ჩემპიონთა ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან. 2 მატჩი მილანმა მოიგო, 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა, ერთხელ კი ინტერმა გაიმარჯვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (3-5-2): ონანა - დარმიანი, აჩერბი, ბასტონი - დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო - ჯეკო, ლაუტარო.
ტრავმა: შკრინიარი.
მილანი (4-2-3-1): მენიო - კალაბრია, ტიაო, ტომორი, ტეო ერნანდესი - კრუნიჩი, ტონალი - საელემაკერსი, დიასი, ლეაო(?) - ჟირუ.
ტრავმა: ბენასერი, მესიასი, ფლორენცი, იბრაჰიმოვიჩი, ლეაო(?)
კომენტარები