Thumbnail

საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს ბრწყინვალე სეზონი აქვს, რომლის ფონზე გასაკვირი არაა, რომ ევროპულ კლუბებს უკავშირებენ.

ამჯერად, გამოჩნდა ლაციოს სახელიც, რომელთან მიმართებაშიც გიორგი ახსენეს. საიტი Noibiancocelesti წერს, რომ "არწივებში" მიქაუტაძეს ჩირო იმობილეს შემცვლელის როლში განიხილავენ. იტალიელი ჯერ ლაციოს დატოვებას არ აპირებს, მაგრამ მაურიციო სარის სურს, რომ გუნდში მისი ალტერნატიული ვარიანტიც ჰყავდეს. აღნიშნული ვებგვერდი დიდი ავტორიტეტით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც, საინტერესოა, რომ 22 წლის ქართველი ლაციოს დაუკავშირეს.

"ვიცე-იმობილეს ახალი ვარიანტის სახელი საფრანგეთიდან მოდის. საუბარია მეცის 22 წლის ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობს. დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა, რომელიც ამ სეზონში 22 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა. ქართველი ატიპიური ცენტრფორვარდია, რადგან ის მხოლოდ 1.76 სმ სიმაღლისაა და მოძრაობებით ძალიან ჰგავს დრის მერტენსს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. სწრაფია, კარგი ტექნიკით. აქვს გოლის ალღოც, რის გამოც რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა, კარგი სეზონის გათვალისწინებით კი მისი ფასი გაიზარდა. ლაციო ცდილობს აჯობოს სხვა ევროპულ კლუბების, რომლებიც ოცნებობენ ისეთ ტრანსფერზე, როგორიც ნაპოლიმ გააკეთა მისი თანამემამულე კვარაცხელიას შემთხვევაში", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. მას მეცთან კონტრაქტი 2026-წლამდე აკავშირებს, რომელიც ნოემბერში გაახანგრძლივა. ქართველი ფეხბურთელი აქამდე ინგლისურ ბარნლის, ასევე იტალიურ უდინეზესა და ჯენოას დაუკავშირეს. საუბარია ფრანგულ კლუბებზეც, მაგრამ კონკრეტული სახელები არ გახმაურებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები