- უნგრელი ფაბიან მაროჟანი რომში დიდი სენსაციის ავტორი გახდა
- მან კარლოს ალკარასი ორ სეტში დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
დიდი სენსაცია -კარლოს ალკარასი რომის მასტერსის მესამე წრეში რეიტინგის 135-ე ნომერთან დამარცხდა!
რომის მასტერსი როლან გაროსის წინ ბოლო მოსამზადებელი ტურნირია, ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა, ალკარასი უნგრელ ჩოგბურთელთან ფაბიან მაროჟანთან ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 6:7.
მატჩის წინ ვერავინ იფიქრებდა, თუ 23 წლის მაროჟანი ტურნირის მთავარი აღმოჩენა და დიდი სენსაციის ავტორი გახდებოდა, თანაც ალკარასის შეჩერება წარმოუდგენელი ჩანდა, ესპანელმა ზედიზედ ორი მასტერსი (ბარსელონა და მადრიდი) ძალიან დამაჯერებლად მოიგო და სეზონში მე-5 ტიტულისკენ მიიწევდა, თუმცა ის ყველასთვის მოულოდნელად უნგრელმა ჩოგბურთელმა შეაჩერა.
ვთქვათ მატჩის მიმდინარეობაზე: შეხვედრა მარტივი სცენარით დაიწყო, ალკარასს პირველივე გეიმში შეეძლო ბრეიკის აღება, თუმცა მაროჟანმა ქულის გადარჩენა შეძლო. მე-4 გეიმში ალკარასმა საკუთარი ჩაწოდება მშრალი ანგარიშით დათმო და უპირატესობა უგნრელის მხარეს გადავიდა. სათქმელია ის, რომ მაროჟანი ძალიან აგრესიულად თამაშობდა და ხანგრძლივ გათამაშებებში უპირატესობებს ფლობდა, პირველ სეტში მისი ბექჰენდი განსაკუთრებით საიმედო იყო. სეტი მაროჟანმა გამარჯვებამდე მიიყვანა, პუბლიკას კი მოახლოებული სენსაციის დაჯერება არ სურდა.

მეორე სეტში იყო მომენტი, როცა ალკარასმა წაგებული გეიმი სწრაფად დაიბრუნა და წინ გავიდა - 5:4. თითქოს, უნგრელს ფსიქოლოგიური წნეხი უნდა ეგრძნო, მაგრამ თამაშში დარჩა და მეტოქეს ძალიან აგრესიულად უტევდა. ალკარასს უპირატესობა ტაი-ბრეიკზეც ჰქონდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა. საბოლოო ჯამში, რეიტინგის 135-ე ნომერმა გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა.
ვთქვათ ისიც, რომ მაროჟანმა შეხვედრა თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა (7 უნებლიე შეცდომა), ხოლო ვინერსებით მეტოქე აშკარად დაჩაგრა (30:15). საინტერესოა ის ფაქტი, რომ უნგრელი ჩოგბურთელი მასტერსის ძირითად ბადეში პირველად თამაშობს, დიდი სლემის ტურნირებზე კი მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები - 2023 წელს ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრე. ფაბიან მაროჟანი რომის მასტერსის მერვედფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩს შეხვდება.
კომენტარები