Thumbnail

ლეგენდა არ გამოიძახეს - პარისე ყველა დროის რეკორდს ვერ დაამყარებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 39 წლის სერჯიო პარისემ მე-6 მსოფლიო თასზე თამაშის შანსი დაკარგა
  • იტალიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 5 დებიუტანტია

ვეტერანი იტალიელი მორაგბე სერჯიო პარისე მსოფლიო თასისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთში ვერ გაემგზავრება და შესაბამისად, ვერც ყველა დროის რეკორდს დაამყარებს.

საქმე ის გახლავთ, რომ 39 წლის მორაგბეს ხუთ მსოფლიო თასზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) აქვს ნათამაშები და ამ მხრივ პირველობას ასევე იტალიელ მაურო ბერგამასკოსთანა და სამოელ ბრაიან ლიმასთან იყოფს. პარისემ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, თუმცა, შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და იმედი ჰქონდა ისევ გამოიძახებდნენ, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებულ რაზმში 46 მორაგბეს უხმო, რომელთა შორის ფრანგული ტულონის ვარსკვლავი არ ფიგურირებს. სამაგიეროდ, გუნდში 5 დებიუტანტია, მათ შორის, დინო ლემბა (ჰარლექუინსი) და პაოლო ოდოგვუ (სტად ფრანსე), რომლებიც ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრების ღირსებას იცავდნენ.

საინტერესოა, რომ პარისეს ეროვნული ნაკრების მაისურით 142 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ ალუნ ვინ ჯონსს (უელსი, 170), რიჩი მაქქოუსა (ახალი ზელანდია, 148) და სემ უაითლოქს (ახალი ზელანდია, 143) ჩამორჩება.

იტალიის ნაკრები მზადებას ივნისის დასაწყისში დაიწყებს და ტესტ-მატჩებში შოტლანდიას, ირლანდიას, რუმინეთსა და იაპონიას შეხვდება. 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე იტალიელების მეტოქეები ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ურუგვაი და ნამიბია იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები