- ოფიციალურად ოლიმპიური ლიცენზია ჯერ არცერთ ნაკრებს გაუნაღდებია
- გუნდური ბრინჯაო მსოფლიოზე! საქართველო ოლიმპიადის ლიცენზიას მიუახლოვდა
საქართველოსთვის ყოველმხრივ რეკორდული მსოფლიოს ჩემპიონატი დოჰაში ნაკრების გუნდური ბრინჯაოთი დაგვირგვინდა, როცა ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა მე-3 ადგილისთვის მატჩი 4:2 მოუგო გერმანიას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მიქსში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
მაშინ ითქვა, რომ ამით გუნდმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გაინაღდა. ასე არ არის, პირდაპირ ლიცენზია მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გაცემულა. უბრალოდ, ქართველმა ძიუდოისტებმა რეიტინგში წინ საგრძნობლად წაიწიეს და ოლიმპიადის ლიცენზიაც მოახლოვდა.

გუნდური მიქსი 6 წონით კატეგორიაში ტარდება, სამ-სამი ვაჟებში (73, 90 და +90 კგ) და ქალებში (57, 70 და +70 კგ). თუ სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ რომელიმე ქვეყანას ექვსივე წონაში ექნება ლიცენზია, ის უპრობლემოდ გამოიყვანს გუნდს მიქსში. რეიტინგი და ქულების თვლა მხოლოდ იმ ქვეყნებს დასჭირდებათ, რომელთაც 6-დან 5 წონით კატეგორიაში ექნებათ ლიცენზია მოპოვებული. ამ შემთხვევაში, ხუთი საუკეთესო რეიტინგოსანი გუნდი მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადაზე, თითო თითო კონტინენტიდან.
საქართველოს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვაჟთა ამ სამი წონითი კატეგორიიდან, რომელიმეში ქვეყანამ ოლიმპიადის ლიცენზია ვერ მოიპოვოს. ასევე თითქმის გარანტირებულია საგზური ქალთა 57 კილომდე კატეგორიაში (ეთერ ლიპარტელიანის წყალობით), სოფიო სომხიშვილი (+78) ამჟამად ოლიმპიურ ზონაშია - 1 130 ქულით მე-15 ადგილზეა (26-ეს ჩათვლით ყველას გარანტირებული აქვს ლიცენზია). რჩება მხოლოდ 70 კილომდე წონითი კატეგორია, სადაც ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიურ ზონაში არ არის (ნინო გულბანი ასეულში არაა).
წესების მიხედვით, ერთ წონაში შესაძლებელია ერთით დაბალი წონის ათლეტის გამოყვანა. ანუ გუნდურ ლიცენზიას იმ შემთხვევაშიც ავიღებთ, თუ 63 კილომდე წონით კატეგორიაში შევძლებთ საგზურის მოპოვებას. ამ წონაში ეთერ ასკილაშვილს 151 ქულა აქვს და 61-ე ადგილზეა. სალიცენზიო ზონამდე შორია, თუმცა ლიცენზიის მოპოვება ამ წონაში უფრო რეალური ჩანს. თუ 19 წლის ასკილაშვილი ლიცენზიას მოიპოვებს, ექვსივე წონაში წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს და გუნდურშიც იჭიდავებს.

იმ შემთხვევაში, თუ 6-დან ერთ წონაში დააკლდება ქვეყანას ლიცენზია, სწორედ ამის მერე დაითვლიან გუნდურ რეიტინგს და კონტინენტიდან საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს გუნდურში (და გუნდურისთვის ძიუდოისტის დამატების უფლებას მიიღებს, რომელიც, სხვათა შორის, ინდივიდუალურშიც იჭიდავებს). ამიტომაც ბრინჯაოს მედალი მსოფლიოზე წინგადადგმული ნაბიჯია ლიცენზიისკენ, თუმცა ჯერ ლიცენზიას არ ნიშნავს.
აქვე შევნიშნავთ, რომ საფრანგეთის ნაკრები კონტინენტიდან საქართველოს კონკურენტი არ არის, რადგან ფინალში დამარცხებულ გუნდს ისედაც ეკუთვნის ოლიმპიური ლიცენზია, როგორც მასპინძელ ქვეყანას. ამიტომაც, ძალზე მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება გერმანიასთან. სავარაუდო კონკურენტები არიან ნიდერლანდები, გერმანია. აქედან ნიდერლანდები ალბათ, 6-ვე წონაში შეძლებს ლიცენზიის მოპოვებას და მეტოქე ვეღარ იქნება (თუმცა, ამ ეტაპზე, ჯერ 5 წონაში აქვს განაღდებული საგზური). ამ მდგომარეობით 5 საგზურიან ევროპულ ქვეყანათა სია ასეთია: საქართველო, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და პორტუგალია. რაც შეეხება რუსეთს, რუსმა სპორტსმენებმა რომც მოიპოვონ 6-ვე ლიცენზია (ან 5) გუნდი მაინც ვერ მიიღებს მონაწილეობას მიქსში, რადგან რუსი ათლეტები (თუ დაუშვეს საერთოდ) მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში.
დაბოლოს, ძიუდოს ოლიმპიური ლიცენზიების ფორმატს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ უფრო დეტალურად. IJF-ის საიტზე კი შესაძლებელია, ყოველ წონაში ოლიმპიური ლიცენზიების ცხრილის (არაოფიციალურის) ნახვა.
კომენტარები