- 📅 27 მაისი | ⌚ 20:00 | 🎫 ბილეთები შეიძინეთ აქ
- LIVE: ფეისბუქი: ევროპოპი, იუთუბი: europop
- GFC 21-ზე მეინ ქარდის ყველა ბრძოლა განსაკუთრებულია
- წინა ივენთები: I ტური, II ტური, III ტური, GFC 13, GFC 14, GFC 15, GFC 16, GFC 17, GFC 18, GFC 19, GFC 20
Georgian Fighting Championship შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს მაგარი ჩხუბების სანახავად ამჯერად გორში ეპატიჟება: GFC 21-ს 27 მაისს სწორედ გორი უმასპინძლებს.
MAIN CARD-ზე გასამართი ყველა ბრძოლა განსაკუთრებულია. MMA-ს ქომაგებისთვის ხუთივე მებრძოლი კარგად ნაცნობია და ხუთივესგან საოცარ შოუს ველოდებით. გორში GFC პირველად ჩატარდება.
GFC 21-ზე სულ 26 სპორტსმენი იასპარეზებს. ქართველების გარდა, ოქტაგონზე უკრაინელი, ირანელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი და უზბეკი სპორტსმენები გავლენ. ორთაბრძოლებს გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ბილეთები TKT.GE-ზე იყიდება, პირდაპირი რეპორტაჟი ევროპოპის ფეისბუქის გვერდზე და იუთუბის არხზე გადაიცემა. შოუ 20:00 საათზე დაიწყება.

👊 70.3 კგ: დანილო სიროშტანი (უკრაინა) V ბექა კორტავა (საქართველო)
GFC 21-ის პირველივე ბრძოლა ძალიან საინტერესოა: უკრაინელი დანილო სიროშტანი ქართველ ბექა კორტავას დაუპირისპირდება. პროფესიონალურ MMA-ში მებრძოლებს დიდი გამოცდილება არ აქვთ. დანილოს დებიუტი 2021 წელს შედგა და მან მერაბ მამფორიას მოუგო. კორტავას აქამდე პროფესიონალური ჩხუბი არ ჩაუტარებია - გორში მისი დებიუტი შედგება.
👊 65.8 კგ: სულეიმან ვალიევი (აზერბაიჯანი) V ნიკა ჯაკონია (საქართველო)
GFC 21-ის კიდევ ერთი დებიუტანტი ნიკა ჯაკონიაა, რომელმაც სამოყვარულო MMA-ში 3-დან 3 ბრძოლა მოიგო და პროფესიონალური ჩხუბის ჩასატარებლად ემზადება. ნიკას ძალიან რთული მეტოქე ჰყავს, ის აზერბაიჯანელ სულეიმან ვალიევს შეხვდება, რომელსაც პროფესიონალურ კარიერაში 2-დან 2 მოგება აქვს. ვალიევმა კარიერაში პირველი ბრძოლა 2019 წელს მოიგო, ოქტაგონს 4 წლის შემდეგ დაუბრუნდა და 2023 წლის თებერვალში ნიჯატ ჰაშიმზადე გათიშა. სულეიმანს აზერბაიჯანელმა ქომაგმა მეტსახელიც შეარქვა - მას "მგელს" ეძახიან.
👊 83.9 კგ: საიდ მინღარბარიანი (ირანი) V დავით ასლამაზაშვილი (საქართველო)
არცერთ მებრძოლს პროფესიონალურ კარიერაში მოგება არ აქვს. საიდმა 2-დან ორი ჩხუბი დათმო, ხოლო ასლამაზაშვილი მუხრან ნარსავიძესთან პირველივე რაუნდში დამარცხდა. ჩხუბი საინტერესო იქნება და ორივე მებრძოლი პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებს.
👊 93.0 კგ: ალი სადეღი (ირანი) V მუხრან ნარსავიძე (საქართველო)
ალი სადეღი (1-1-0) გორში მუხრან ნარსავიძის დამარცხებას ეცდება. ალის დებიუტი წარმატებული იყო, მაგრამ ბოლო ბრძოლაში ის ყაზახურ ოქტაგონზე ქერიმ დაუდოვთან დამარცხდა. მუხრანი ბოლოს GFC 19-ზე გამოჩნდა და კარიერაში მეოთხე ბრძოლა მოიგო. მან ირანელ ამირ საეედკიას მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა. ნარსავიძე გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მესამე გამარჯვებას მოიპოვებს.
👊 61.2 კგ: გიორგი გელაშვილი (საქართველო) V ამირან მამულაძე (საქართველო)
ქართველების ჩხუბი უკომპრომისო იქნება. ორივე მებრძოლი დებიუტანტია - ისინი პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. მამულაძემ სამოყვარულო MMA-ში ჩატარებული ორი ბრძოლიდან ორივე მოიგო. მან YOUNG WARRIORS-ზე მაქსიმ მხითარიანსა და ლაშა შანიძეს აჯობა.
👊 65.8 კგ: ფრიდინ ალიევი (ყაზახეთი) V ბექა ერაძე (საქართველო)
ვფიქრობთ, რომ UNDER CARD-ის ყველაზე საინტერესო ჩხუბი ფრიდინ ალიევისა და ბექა ერაძის დაპირისპირება იქნება. ალიევს კარიერაში 3 მოგება და 4 მარცხი აქვს, ხოლო ბექა ერაძემ 5-ჯერ მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა. ორივე მებრძოლი გამოცდილია, სანახაობრივი ჩხუბი გამოვა. პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. შესაძლოა, მებრძოლებმა სამი რაუნდი სრულად იჩხუბონ.
👊 70.3 კგ: რზგან შამოიანი (სომხეთი) V იური ბერიძე (საქართველო)
იური ბერიძე წაუგებლად ასპარეზობდა, მაგრამ არმენ ოჰანიანმა მისი ეს სერია GFC 19-ზე დაასრულა. იურის მეტოქე რზგან შამოიანია, რომელიც კარიერაში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. ბერიძეს ოქტაგონზე გამარჯვებით დაბრუნება სურს, ის ამ ბრძოლის ფავორიტია და კარიერაში მე-4 გამარჯვებაც უნდა იზეიმოს.
👊 56.7 კგ: მახლიო მამადალიევა (უზბეკეთი) V მარიამ ტორჩინავა (საქართველო)
უზბეკ მახლიო მამადალიევას კარიერაში 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, უზბეკურ MMA-ში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია და მარიამ ტორჩინავასთან კარიერაში მესამე ბრძოლის მოგებას ეცდება. ტორჩინავამ MMA-ს ოქტაგონზე 5-ჯერ მოიგო და 2-ჯერ დამარცხდა. მარიამს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩხუბი საფრანგეთში ჰქონდა, სადაც ლაეტიტა ბლოსთან ქამრისთვის ჩხუბი წააგო. ტორჩინავას GFC-ზე არასდროს წაუგია. მან GFC 16-ზე ირანელ საჰარ დინდუსტს მეორე რაუნდში მოუგო, ხოლო GFC 17-ზე არაბ მოზგანი "დაახრჩო".
👊 65.8 კგ: პაიამ ნაზარი (ირანი) V ილია ქარუხნიშვილი (საქართველო)
ილია ქარუხნიშვილს კარიერაში ზედიზედ მეექვსე ბრძოლის მოგება შეუძლია. მისი მეტოქე გორში პაიამ ნაზარი იქნება, რომელიც საქართველოში სადებიუტო ბრძოლს ჩაატარებს. ილიას ბრწყინვალე სერია აქვს და ეს სერია აუცილებლად უნდა გააგრძელოს. მან ბოლოს GFC 19-ზე გიორგი ოჰანიანი დაამარცხა. ქარუხნიშვილის GFC-ში 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ოთხივე მოიგო.
👊 65.8 კგ: გიორგი ლელაშვილი (საქართველო) V გიორგი ეგნატაშვილი (საქართველო)
GFC 21-ზე მეორე ქართული დაპირისპირება გიორგი ლელაშვილსა და გიორგი ეგნატაშვილს შორის გაიმართება. ლელაშვილი ბოლოს ოქტაგონზე 2021 წელს გავიდა და მაქსიმ სოროკა დაამარცხა, რის შემდეგაც აღარ უჩხუბია.
ეგნატაშვილმა GFC 20-ზე ზურაბ ფირცხელიანი გამოიწვია და მას ორგანიზაციის ქამრისთვის ჩხუბი შესთავაზა, მაგრამ ქამარზე ჩხუბი ვერ შედგება, თუ ეგნატაშვილი ლელაშვილს ვერ მოუგებს. გიორგიმ ამისთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, გრიზლის მარტივი ჩხუბი ნამდვილად არ ელის.
👊 61.2 კგ: ჰასან ჰასანოვი (აზერბაიჯანი) V ბექა გოგალაძე (საქართველო)
აზერბაიჯანელი მებრძოლი საქართველოში 2 მოგებითა და 1 მარცხით ჩამოდის. ჰასან ჰასანოვმა ბოლოს 2022 წლის ნოემბერში მარტინ ბახიშზადეს პირველივე რაუნდში მოუგო. ბექა გოგალაძე ოქტაგონს მძიმე მარცხის შემდეგ უბრუნდება. ბექას შანსი ჰქონდა, რომ GFC-ს ქამარი მოეგო, თუმცა ის ყირგიზ რუსლან ამუევთან დამარცხდა.
გოგალაძე კარიერაში მე-10 ბრძოლის მოგებას ეცდება. ბექა ოქტაგონზე 4-თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ბექას კარიერაში 9 მოგება აქვს და აქედან 5-ჯერ აზერბაიჯანელ მეტოქეებს აჯობა.
👊 52.2 კგ: სედა არაქელიანი (სომხეთი) V სოფია ბაღიშვილი (საქართველო)
სომეხი სედა არაქელიანი საქართველოში წაუგებელი ჩამოდის. სედას ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა MMA-ში, მან საჰარ დინდუსტი დაამარცხა. სედას მეტოქე სოფია ბაღიშვილია, რომელსაც რთული პერიოდი ჰქონდა კარიერაში. სოფიამ ზედიზედ ორი ბრძოლა დათმო. მან ჯერ ყაზახურ ოქტაგონში წააგო, რის შემდეგაც KSW-ში ბრაზილიელ მარია სილვასთან მეორე რაუნდში დამარცხდა.
სოფიას ნამდვილად აქვს შანსი, რომ კარიერა ამერიკაში გააგრძელოს. ამისთვის კი ის სტაბილურობაა საჭირო, რომელიც ამ მარცხამდე ჰქონდა. ბაღიშვილმა მაშინ ზედიზედ ექვსი ბრძოლა მოიგო. მარტივი ბრძოლა სედა არაქელიანთან არ იქნება, მაგრამ სოფიამ კარიერაში მერვედ უნდა გაიმარჯვოს და წარუმატებელი სერია შეწყვიტოს.
👊 93.0 კგ: დმიტრო მიკუცა (უკრაინა) V მიხეილ საჟინიანი (საქართველო)
უკრაინულ-ქართული დაპირისპირება დღის საუკეთესო შოუდ უნდა იქცეს. უდიდესი გამოცდილების მქონდე დმიტრო მიკუცა მიხეილ საჟინიანის დამარცხებას ეცდება. დმიტროს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 11 მოიგო, 7-ჯერ დამარცხდა და ერთი დაპირისპირება დასრულდა ფრედ.
რაც შეეხება მიხეილ საჟინიანს, მას 9 მოგება და 2 მარცხი აქვს. მიხეილმა ბოლო ორი დაპირისპირება მოიგო და გორში წაგებას ნამდვილად არ აპირებს. მიკუცასა და საჟინიანის დაპირისპირება დღის კულმინაცია იქნება და გორში შეკრებილ ქომაგს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს.
GFC 21-ზე დაძაბულ ჩხუბებს და მაგარ ნოკაუტებს ველოდებით. შთამბეჭდავ სანახაობას გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. თუ გორში ვერ ჩახვალთ, ბრძოლებს europop-ის იუთუბის არხზე შეგიძლიათ უყუროთ.
კომენტარები