Thumbnail
  • ფიფას წესით, რუსული და უკრაინული კლუბების მოთამაშეებს სხვაგან გადასვლა შეუძლიათ
  • უკრაინულმა კლუბმა, რომელსაც ლეგონერების უფასოდ გაშვება არ სურს, გამოსავალს მიაგნო

დონეცკის შახტარი, რომლის ღირსებას გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, ლეგიონერებს კონტრაქტში ისეთი პუნქტის შეტანას დაავალდებულებს, რომელიც მათ ფიფას დროებითი სატრანსფერო წესით სარგებლობის უფლებას შეუზღუდავს. ამის შესახებ შახტარის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ, ფიფამ რუსულ და უკრაინულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს ნება დართო, დაუკითხავად გადავიდნენ სხვა ქვეყნის კლუბში. ეს წესი სულ ცოტა 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს. მაგალითად, ამ წესით ისარგებლა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც კიევის დინამოდან სათამაშოდ პოლონეთში წავიდა.

გოჩოლეიშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული

უკრაინული მედიის ცნობით, ფიფას სატრანსფერო წესის გამო, შახტარმა თითქმის ყველა თავისი უცხოელი მოთამაშე დაკარგა და დიდი ფინანსური ზარალი ნახა, რომელიც დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინულ გუნდს ამ თანახის დაბრუნება CAS-ის (საერთაშორისო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო) მეშვეობით სურდა, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

ბუნებრივია, ახლა შახტარი ცდილობს, ყველა ახალწვეულს კონტრაქტი ისეთი პუნქტით გაუფორმოს, რომელიც მოთამაშეს ფიფას წესით სარგებლობასა და უფასოდ წასვლის უფლებას შეუზღუდავს. მოხდება თუ არა დონეცკის კლუბში ამ დროისთვის მოთამაშე ლეგიონერების კონტრაქტებში, მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილის ხელშეკრულებაში ახალი პუნქტის შეტანა, უცნობია.

გიორგიმ შახტარის მაისურით სადებიუტო გოლი უკვე გაიტანა

საბურთალოს ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შახტართან 5-წლიანი კონტრაქტი შარშან გააფორმა, გუნდს კი წლის დასაწყისიდან შეუერთდა. საქართველოს ნაკრების 22 წლის მარჯვენა მცველმა უკრაინის პრემიერლიგის 10 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები