- 'ვფიქრობ, მისი სახელი ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს'
- ქართველმა ხელბურთელმა გუმერსბახთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე კარიერას გერმანულ გრანდ გუმერსბახში გააგრძელებს. 22 წლის ქართველმა ხელბურთელმა, რომელიც ამჟამად ფრანგულ მონპელიეში ირიცხება, ბუნდესლიგის კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას მომავალი სეზონიდან შეუერთდება.
"გიორგი შთამბეჭდავი მოთამაშეა, რომელსაც მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს. მას არაერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და მოხარულები ვართ, რომ კონტრაქტის გაფორმება შევძელით. ვფიქრობ, მისი სახელი ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს", - განაცხადა გუმერსბახის მმართველმა დირექტორმა კრისტოფ შინდლერმა.
ცხოვრებაძის ტრანსფერს გამოეხმაურა მსოფლიო ხელბურთის ისლანდიელი ლეგენდა გუდიორ ვალურ სიგურდსონიც (1 870 გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით), რომელიც ამჟამად გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელია: "გიორგის ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, მაღლა ხტება და მეტოქეთათვის ძალიან საშიშია. სამომავლოდ მისი დიდი იმედი გვაქვს".

კომენტარი გააკეთა თავად ცხოვრებაძემაც: "გუმერსბახში თამაში რამდენიმე მიზეზის გამო ვარჩიე. პირველ რიგში, ამ კლუბს ძალიან დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. ამას გარდა, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში თამაშობს. დარწმუნებული ვარ, რომ გუმერსბახში გატარებული პერიოდი ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უახლოეს წლებში გუნდს წარმატება მოვუტანო".
ცნობისთვის, გუმერსბახი 162 წლის წინ გახლავთ დაარსებული და გერმანიის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, თასი – 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა – ასევე 5-ჯერ, თასების მფლობელთა თასი – 4-ჯერ, ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასი და ევროპის საკლუბო ჩემპიონატი კი – 2-2-ჯერ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცხოვრებაძე ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როდესაც ევროპამ გაიცნო. ის ადრეულ ასაკშივე ჩაირიცხა მონპელიეს აკადემიაში, 2021-22 წლების სეზონში კი შვეიცარიულ ვინთერტურში იყო განათხოვრებული. გიორგი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და სწორედ მან შეაგდო გამარჯვების მომტანი ბურთი უნგრეთთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში. ცხოვრებაძემ ჯამში 42 გოლი გაიტანა და ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კომენტარები