Thumbnail
  • 'ისინი საფრანგეთში ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობით ჩავლენ'
  • ფრანგული გამოცემა წერს, რომ საქართველოსთვის 3 მატჩის მოგება სრულიად რეალურია

პოპულარული სარაგბო გამოცემა Rugbyrama მომავალ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების შანსებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქართველი მორაგბეები ტურნირზე ისტორიაში ყველაზე დიდი ამბიციებით ჩავლენ. ფრანგების აზრით, ახლა ბორჯღალოსნებს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ და ჯგუფის შემადგენლობაც ხელს აძლევთ, რომ 3 მოგება მოიპოვონ.

“ევროპული რაგბის ყველაზე განვითარებადი ნაცია საქართველო მსოფლიოს 2023 წლის თასზე ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობით გაემგზავრება. ქართველი მორაგბეები ფინალურ ეტაპზე 2003 წლიდან მოყოლებული უცვლელად თამაშობენ, თუმცა, ჯგუფური ეტაპი არასდროს დაუძლევიათ. საფრანგეთში უკვე მათი ახალი თაობა მიდის და მერაბ შარიქაძის თანაგუნდელები მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ჯგუფში 3 მატჩი მოიგონ.

ეს საქართველოს ნარებისთვის ისტორიული შედეგი იქნება, რადგანაც აქამდე ყველაზე მეტი – 2 გამარჯვება მხოლოდ ერთხელ, 2015 წლის მსოფლიო თასზე მოუპოვებიათ. ბოლო პერიოდია, საქართველომ თამასა სერიოზულად ასწია. მათთვის 2022 წელი ნამდვილად სენსაციური იყო: რაგბი ევროპის ჩემპიონატი ხომ კიდევ ერთხელ მოიგეს და რაც მთავარია, ტესტებში ჯერ – იტალიას, შემდეგ კი, უელსს სძლიეს კარდიფში.

უელსი და საქართველო ერთმანეთს მსოფლიო თასზეც დაუპირისპირდებიან

ახლა, დგება ჯერი, რომ ქართველმა მორაგბეებმა თავიანთი მზარდი სტატუსი მსოფლიო რაგბის გრანდებთან კიდევ ერთხელ დაამტკიცონ. შემოდგომაზე მათ წინ ორიაკის ყოფილი მოთამაშე მერაბ შარიქაძე გაუძღვება, რომელიც ამჟამად ქართული ფრენჩაიზის შავი ლომის ღირსებას იცავს. შარიქაძეს ზურგს 91 კეპი უმაგრებს და ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა.

ქართული რაგბის ერთ-ერთი იმედია ნამდვილი საგანძური – დავით ნინიაშვილი. მან აპრილში ტრავმა მიიღო, თუმცა, საკმარისი დრო აქვს მსოფლიო თასს კარგ ფორმაში შეხვდეს. მისი საოცარი სისწრაფე და მოქნილობა მთელი გასული სეზონის განმავლობაში აღტაცებას იწვევდა. ის არის ბომბი საქართველოდან, რომელმაც უკვე სანაკრებო ტურნირზე უნდა გაიბრწყინოს.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს კალენდარიც კარგი აქვს. ქართველები მსოფლიო თასში 9 სექტემბერს ავსტრალიასთან მატჩით ჩაებმებიან, 23-ში პორტუგალიასთან თამაშია, 30-ში – ფიჯისთან, 7 ოქტომბერს კი უელსს გაეჯიბრებიან. აქედან ორი მეტოქე – პორტუგალია და უელსი მათ არცთუ დიდი ხნის წინ ჰყავთ დამარცხებული”.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. ბორჯღალოსნები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია ეყოლებათ. ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები