Thumbnail

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, 2023 წლის მსოფლიო თასის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ტესტებს უმაღლესი დონის მსაჯები მოემსახურებიან. შეგახსენებთ, რომ რომ ბორჯღალოსნები საფრანგეთში გამგზავრებამდე სამ მატჩს გამართავენ – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში.

პირველი თამაში 12 აგვისტოს თბილისში, მსოფლიო თასის მონაწილე რუმინეთთან გვაქვს და მისი მთავარი მსაჯი ინგლისელი უეინ ბარნსი იქნება. საინტერესოა, რომ მას 2007 წლის მსოფლიო თასზე დებიუტი საქართველოსა და ირლანდიის მატჩში ჰქონდა და წელს მეხუთე ჩემპიონატს იმსაჯებს. 2022 წლის ნოემბერში ბარნსმა უელსისა და ახალი ზელანდიის შეხვედრა იმსაჯა და ეს მისი მე-100 საერთაშორისო მატჩი იყო, რითაც ნაიჯელ ოუენსის რეკორდი გაიმეორა.

19 აგვისტოს ბორჯღალოსნები აშშ-ს მასპინძლობენ და მთავარი მსაჯის რანგში ასევე გამოცდილ სამხრეთაფრიკელ იაკო პეიპერს ვიხილავთ. მან 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასზე იმსაჯა და წელს საფრანგეთშიც იმუშავებს. საინტერესოა, რომ პეიპერის პირველი თანამსაჯი ჰოლი დევიდსონი იქნება, შოტლანდიელი ქალი რეფერი, რომელიც საერთაშორისო თამაშებს 2017 წლიდან მსაჯობს.

ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასის წინ ოთხ მატჩს განსჯის

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის წინ ბოლო გასახურებელ თამაშს 26 აგვისტოს ედინბურგში, მარიფილდზე შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს და მსაჯი ფრანგი მეთიუ რეინალი იქნება, რომელიც საერთაშორისო მატჩებს 2009 წლიდან მსაჯობს. ის მსოფლიო თასებს 2015 წლიდან ემსახურება.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ბევრი სამუშაო ექნება საუკეთესო ქართველ არბიტრ ნიკა ამაშუკელს, რომელიც მსოფლიო თასზე მიიწვიეს, მანამდე კი, ოთხ მატჩს მოემსახურება. ზაფხულის პირველი თამაში, რომელშიც ნიკა ამაშუკელს ვიხილავთ 29 ივლისს, იოჰანესბურგში გაიმართება. წლევანდელი ოთხი ერის დასკვნით ტურში სამხრეთ აფრიკა არგენტინას უმასპინძლებს და ამაშუკელი მთავარი მსაჯის ენდრიუ ბრაისის პირველი ასისტენტი იქნება.

მომდევნო სამი მატჩი გასახურებელია და 28 წლის ამაშუკელი სამივეგან მოედნის მსაჯია. 5 აგვისტოს ბუენოს აირესში არგენტინა სამხრეთ აფრიკას დაუხვდება, 12-ში თვიქენჰემზე ინგლისი უელსს შეხვდება, ხოლო 19 აგვისტოს საფრანგეთი ფიჯის ნანტში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. ბორჯღალოსნები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია ეყოლებათ. ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მსოფლიო რაგბის გამორჩეული არბიტრები, უეინ ბარნსი 🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿, იაკო პეიპერ 🇿🇦 და მეთიუ რეინალ 🇫🇷, ბორჯღალოსნების წინა-სამსოფლიო ტესტ-მატჩებზე იმსაჯებენ 🏉 გაიგე მეტი აქ 👉 https://rugby.ge/august-refferees/

Posted by Georgian Rugby on Tuesday, May 16, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები