Thumbnail

ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანი ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა და ფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა. "დერბი დელა მადონინაში" გამარჯვების შემდეგ ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ, ფეხბურთელმა ლაუტარო მარტინესმა და ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ ისაუბრეს.

სიმონე ინძაგი (ინტერის მწვრთნელი): "ფინალში გასვლა ჩვენთვის თავიდან ოცნება იყო, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდა წარმატების. არაჩვეულებრივი გზა გავიარეთ. ნახევარფინალში დერბის ასე მოგება სასიამოვნოა, ბიჭებს უნდა მივულოცო. ყველაფერი მომეწონა: სირბილი, აგრესიულობა, კონცენტრაცია. იანვრიდან დღემდე 4 დერბი გვქონდა და ოთხივე მოვიგეთ. ისინი იტალიის ჩემპიონები არიან, მაღალი კლასის გუნდია, მაგრამ ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. სიტი თუ რეალი? ევროპის საუკეთესო გუნდებია, პირველი მატჩიც თანაბარი იყო. კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ, ხვალ კი თამაშს ვუყურებ. ვამაყობ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ. ვიცი, რა მოხდა ინტერში ბოლო პერიოდში, 19 თვის წინ მიზნად დამისახეს მერვედფინალში გასვლა, რადგან იქ 2011 წლის შემდეგ კლუბი გასული არ იყო. ბიჭებმა კი ახლა საკუთარ თავს აჯობეს, ამ სეზონში კიდევ უფრო უკეთ ითამაშეს. არავის არაფერი უჩუქებია, მხოლოდ ყოველდღიური შრომით ავისრულეთ ოცნება, ფინალი, რომელიც უკვე რეალობაა".

ლაუტარო მარტინესი (ინტერი): "განსაკუთრებული ემოციაა, რადგან ამ დუელში დიდი ისტორიაა. ყველაფრის უკან დიდი სამუშაო დგას, რაც ჩემს თანაგუნდელებსაც ვუთხარი. ჯგუფის ერთიანობა მნიშვნელოვანია, მჯერა, რომ კარგი ჯგუფი ვართ, სადაც ყველა ერთ გზაზე მიდის, ასე ყველაფერი უფრო ადვილი ხდება. ინტერმა ეს საღამო დაიმსახურა. ყოველთვის, როცა მოედანზე შევდივარ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და თანაგუნდელებს დავეხმარო. ახლა ყველაფერი უნდა გავიღოთ სეზონში დარჩენილ მატჩებში".

ხავიერ ძანეტი (ინტერის ვიცე-პრეზიდენტი): "ამ გუნდმა დაიმსახურა ფინალში თამაშის შესაძლებლობა. ნახევარფინალში დერბიში თამაში ადვილი არაა, ეს მეც გამომიცდია. ბედნიერი ვარ ლაუტაროს გამო, ის ჩვენთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია. ახლა უნდა დავტკბეთ ამ მომენტით. ლაუტარო ჩვენთან ძალიან ბედნიერია, იპოვა თავისი სახლი და იმედი მაქვს აქ, რაც შეიძლება დიდხანს იქნება ბედნიერი. ვულოცავ გუნდს და მწვრთნელს, მათ საქმით აჩვენეს, რომ იმსახურებენ ამ ფინალს. მეტოქე ფინალში? ვისურვებდი რეალის თავიდან არიდებას, რადგან ეს ტურნირი თითქოს მათთვის გამოიგონეს".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება. ინტერი მანჩესტერ სიტის ან მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები