Thumbnail

'ასეთ დონეზე კონკურენტუნარიანი არ ვართ' - რა თქვეს მალდინიმ და პიოლიმ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანი ინტერის წინააღმდეგ მეორე მატჩშიც დამარცხდა (0:1) და 16-წლიანი პაუზის შემდეგაც ვერ მოახერხა ფინალში გასვლა.

მატჩის შემდეგ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ და ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ისაუბრეს. როგორც პიოლიმ აღნიშნა, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს და მათთვის სასაყვედურო არაფერი აქვს. პაოლო მალდინიმ კი შემადგენლობის გაძლიერების საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი, რითაც კლუბის ხელმძღვანელობას ერთგვარი მესიჯი გაუგზავნა. პაოლომ აღიარა, რომ მილანი გარკვეულ დონეზე კონკურენტუნარიანი არ არის.

სტეფანო პიოლი (მილანის მწვრთნელი): "იმედგაცრუება დიდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე დიდი გზა გავიარეთ. გასულ სეზონში ჯგუფში ჩავრჩით, ამიტომ ახლა ნახევარფინალში გასვლაზე ფიქრი რთული იყო, თუმცა ამ ყოველივეს მერე ფინალში გასვლა გვინდოდა. დღევანდელ თამაშზე გავლენა წინა თამაშის საწყისმა 15 წუთმა მოახდინა. ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, პირველ ტაიმში შანსები ვერ გამოვიყენეთ. უნდა ითქვას, რომ ინტერმა პირველივე სახიფათო სიტუაციებიდან ორივე მატჩში გოლი გაიტანა, ჩვენ იგივე ვერ გავაკეთეთ. ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერს ვუსაყვედურებ, ყველაფერი გაიღეს. სამწუხაროა, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა ჩემპიონატის კარგად დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან დასანანი იქნება სეზონი კარგად რომ ვერ დავასრულოთ. ვფიქრობ, მილანი ცდილობდა კონკურენტუნარიანი ყოფილიყო, როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ნახევარფინალამდე მივედით. უნდა გავაუმჯობესოთ რაღაცები, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ. მიზანია, ორივე ტურნირში კონკურენტუნარიანები ვიყოთ. თუ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშებთ, გამოდის, რომ ეს სეზონი დადებითი არ იყო. სამი თამაშია დარჩენილი და უნდა შევძლოთ გადავუსწროთ კონკურენტებს".

პაოლო მალდინი (მილანის ტექნიკური დირექტორი): "ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა შევძლოთ დიდ გუნდებთან კონკურენცია. ნახევარფინალი მოულოდნელი იყო, სეზონის დასაწყისში ასეთ პროგნოზს ვერავინ გააკეთებდა, მაგრამ ცხადია, წაგება ძალიან მტკივნეულია. ინტერთან სხვაობა ნათელია, შესაძლოა დღეს უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო ოთხ დაპირისპირებაში ჩვენს შორის თანაბარი დონე არ ყოფილა. ჯერ არ ვართ ისე სტრუქტურირებული, რომ ორ შეჯიბრში ვიასპარეზოთ. ჩვენმა მფლობელებმა ეს ძალიან კარგად იციან. დღეს თამაში ასე დასრულდა, მაგრამ ჩვენსა და ინტერს შორის საშუალო ასაკში 3 წელია სხვაობა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ასეთ დონეზე დღეს პირველად ითამაშეს. ჩემპიონთა ლიგის საგზურს თუ მოვიპოვებთ, კარგი სეზონი გამოვა. ლეაოს ახალი კონტრაქტი? დეტალებზე ვმუშაობთ, მხოლოდ წვრილმანებზე".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება. ინტერი მანჩესტერ სიტის ან მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები