Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხედ წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი იაპონელ ოშომასთან ოშიდაშით დამარცხდა
  • ისე სჩანს, რომ ამ ტურნირის შემდეგ, ტოჩინოშინი კიდევ უფრო დაქვეითდება

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე საზაფხულო სუპერტურნირზე ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კვლავაც ცუდ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-5 ნომრის სტატუსით შეხვდა და ისე სჩანს, მიმდინარე შეჯიბრის შემდეგ მორიგი დაქვეითება ელის.

საქმე ის გახლავთ, რომ ტოჩინოშინის მეტოქეებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა უჭირს და როგორც წესი, დოჰიოს დამარცხებული სულ რამდენიმე წამში ტოვებს ხოლმე.

ასე იყო დღესაც, როდესაც ქართველი სეკიტორი აღმოსავლეთის მე-4 ნომერ ოშომას გაეჯიბრა. 26 წლის მონღოლს ნაცუ ბაშოზე მე-3 გამარჯვების დასაფიქსირებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია: ტოჩინოშინს მიაწვა და ოშიდაშით აჯობა.

ვეტერანი ქართველი სუმოისტი მორიგ ორთაბრძოლას 18 მაისს ჩაატარებს, როდესაც მისი მეტოქე დასავლეთის მე-6 ნომერი შიმაძუუმი იქნება. ტოჩინოშინი იაპონელს, რომელსაც სწორედ ხვალ 27 წელი შეუსრულდება, კარიერაში ერთადერთხელ შეხვედრია და წლეულს მარტში იორიკირით აქვს წაგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები