- UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მარჯვენა ხელზე ოპერაცია გაიკეთა
- 32 წლის სპორტსმენს კლინიკაში გიგა ჭიკაძე გულშემატკივრობს
- დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს გამოწვევას იღებს და მოცდას სთხოვს
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (MMA 16-4, UFC 9-2), რომელიც აშშ-ში იმყოფება, მარჯვენა ხელის მტევანზე ოპერაცია გაიკეთა. 32 წლის სპორტსმენმა, რომელიც სუპერსუმბუქი წონის რეიტინგის პირველი ნომერია, სოციალურ ქსელში კლინიკაში გადაღებული ფოტო გამოქვეყნა, სადაც მის გვერდით UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე იმყოფება.
"ოპერაციამ კარგად ჩაიარა. რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდები", - დაწერა დვალიშვილმა და ნაოპერაციებელი ხელის რენტგენის ფოტოც გამოაქვეყნა.
მერაბ დვალიშვილმა ხელი ჯერ კიდევ რუს პიოტრ იანთან შეხვედრამდე დაიზიანა და ბოლო ბრძოლა ტრავმით ჩაატარა. დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება ოქტაგონზე 12 მარტს, ლას ვეგასში შედგა და ის UFC Fight Night 221-ის მთავარი მოვლენა იყო. ხუთრაუნდიანი შეხვედრა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და ქამრის ასევე ექსჩელენჯერმა ჰენრი სეხუდომ (16-3) გამოიწვია, რომელმაც სატიტულო ბრძოლა ალჯამეინ სტერლინგთან დათმო. მერაბმა კლინიკიდან ამერიკელსაც მიმართა, მისი გამოწვევა მიიღო, თუმცა ოპერაციის გამო, მოცდა სთხოვა და დაემუქრა, რომ ოქტქგონზე "რკინის ხელით" დაბრუნდება.
კომენტარები