Thumbnail
  • ევროპოპის YouTube არხზე კვირას ახალი გადაცემა იწყება
  • “თამაშის თეორიის” წამყვანები ტატო ბაციკაძე და რეზი ხუნწელია იქნებიან

“ევროპოპის” მკითხველებისთვის და ჩვენი YouTube არხის გამომწერებისთვის კარგი სიახლე გვაქვს: არხზე ახალ გადაცემას ვიწყებთ, რომელსაც “თამაშის თეორია” დავარქვით.

ეს იქნება ანალიტიკურ-შემეცნებითი ხასიათის ინტერაქციული გადაცემა, რომელსაც სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ტატო ბაციკაძე და პუბლიცისტი და ბლოგერი რეზი ხუნწელია წაიყვანენ. გადაცემა ძირითადად ფეხბურთს მიეძღვნება და წამყვანები მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა კონტექსტში შეაფასებენ სპორტულ მოვლენებს.

პირველი გადაცემის სტუმარი გიორგი ჯანელიძე იქნება

“პირველ გადაცემაში გიორგი ჯანელიძესთან ერთად შევეცდებით ქართველი ფეხბურთელების ყველა დროის top 11 გავაკეთოთ, ისე, რომ როგორც დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორია, ასევე მე-20 საუკუნის პერიოდიც მოვიცვათ.” - ამბობს რეზი ხუნწელია, რომელიც გადაცემის იდეას და შინაარსს ასე ხედავს: “თამაშის თეორია” სპორტული, ანალიტიკური გადაცემაა. სპორტულ მოვლენებს სხვადასხვა პრიზმასა და კონტექსტში შევაფასებთ. გადაცემის მიზანია, შევქმნათ ანალიტიკური ველი, სადაც საშუალება გვექნება, სპორტი არა როგორც იზოლირებულად, არამედ კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ კონტექსტში დავინახოთ.”

'სალაპარაკო ბევრია, თემები ძალიან მრავალფეროვანი იქნება' - ტატო ბაციკაძე

ტატო ბაციკაძის თქმით, “თამაშის თეორიის” თითოეულ ეპიზოდს ბევრი მსჯელობა და დისკუსიები უნდა მოჰყვეს: “ვფიქრობ, ეს გადაცემა ყველა ასაკის და გემოვნების მაყურებლისთვის იქნება საინტერესო. სალაპარაკო ბევრია, თემები ძალიან მრავალფეროვანი იქნება. ვეცდებით, საინტერესო სტუმრებთან ერთად, მაყურებელს ისეთი გადაცემა შევთავაზოთ, რომლის ყურების მერეც, თავად მასაც ამა თუ იმ თემაზე მსჯელობა თუ კამათი მოუნდეს.”

“თამაშის თეორია” ჩვენს არხზე თვეში ორჯერ გავა, პირველ ეპიზოდს კი კვირას, 21 მაისს ნახავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები