Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 116:123 მაიამი ჰიტი
  • მაიამის 46 ქულა მე-3 პერიოდში ისტორიული მოვლენაა
  • ჰიტს ჯიმი ბატლერმა ულიდერა, მას 6 ჩაჭრა ჰქონდა

მაიამი ჰიტმა NBA-ს ნახევარფინალური სერიის პირველივე მატჩში დაამტკიცა, რომ ვისაც ამ წყვილში ფავორიტად ბოსტონ სელტიკსი მიაჩნია, შეიძლება ცდებოდეს.

ჯიმი ბატლერმა და კომპანიამ პირველი მატჩი საკმაოდ დამაჯერებლად, 123:116 მოიგეს და თანაც,  ბოსტონში. საუკეთესო სწორედ ბატლერი იყო, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად დიდი შესვენების შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და სარეკორდო მეოთხედის მომსწრენიც გაგვხადა.

ბატლერმა მაიამის 35 ქულით (12/25), 7 ასისტით და შთამბეჭდავი 6 ჩაჭრით ულიდერა (5 მოხსნა). ბემ ადებაიომ 20 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. მასპინძლებიდან კი ჯეისონ ტეიტუმმა 30 ქულა ჩააგდო (7 მოხსნა), ხოლო ჯეილენ ბრაუნი 22 ქულამდე ავიდა (9 მოხსნა). მალკოლმ ბროგდონს 19 ქულა ჰქონდა.

მთავარი ფაქტები

🏀 | მარკუს სმარტმა მატჩის პირველ ტაიმში 10 ასისტი შეასრულა, რაც მისთვის პირველ ტაიმში კარიერის ახალი საუკეთესო შედეგია.

🏀 | მესამე პერიოდში მაიამიმ 46 ქულა ჩააგდო, რაც პლეი ოფების ისტორიაში ერთი მეოთხედის რეკორდია.

🏀 | ჯიმი ბატლერისთვის ეს გახლდათ მე-5 საპლეიოფო თამაში მინიმუმ 30 ქულით და 4 ჩაჭრით. ამით მან კლუბის საპლეიოფო ისტორიაში დუეინ უეიდს გადაასწრო. მეტიც: ეს მისი მეორე თამაშია მინიმუმ 30 ქულით და 5 ჩაჭრით პლეი ოფში.

🏀 | ჯეისონ ტეიტუმმა მართალია, 30 ქულა ჩააგდო, რაც ბოსტონიდან ყველაზე მეტია, მაგრამ მეორე ტაიმში მას თამაშიდან მხოლოდ 4 მცდელობა ჰქონდა, რაც ასევე ამ მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

🏀 | მაიამიდან 6-მა კალათბურთელმა ჩააგდო მინიმუმ 15 ქულა. პლეი ოფში ეს ჰიტისთვის უცხო რამაა.

ჯო მაზულა (ბოსტონის მთავარი მწვრთნელი): “მხოლოდ ერთი მეოთხედი წავაგეთ, რადგან სასწრაფო რეაგირებს უნარი დავკარგეთ. უბრალოდ არ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ რაც წარსულში გააკეთე, დღესაც საკმარისი იქნება.”

ერიკ სპოელსტრა (მაიამის მთავარი მწვრთნელი): “ჯიმი ბატლერი დღეს ზუსტად ის იყო, რაც ჩვენ გვჭირდება. ის ერთ-ერთი საუკეთესო Two-Way-მოთამაშეა ასოციაციაში, თუ საუკეთესო არა.”

TOP: ბატლერი - FLOP: ჰორფორდი

სპოელსტრა მართალია! ბატლერმა ყველა გააოცა თავისი წვლილით იმაში, რომ მაიამიმ დიდი შესვენების შემდეგ თამაში შეატრიალა და სარეკორდო მეოთხედი ითამაშა. ის შეუჩერებელი იყო, ითავისუფლებდა და სხვებსაც უთავისუფლებდა სასროლ პოზიციებს და ბურთის გრანდიოზულ მტაცებლად გადაიქცეოდა ხოლმე მაშინ, როცა მაიამის ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

...და სად იყო ოლ ჰორფორდი? იგი ბოსტონის ერთადერთი სტარტერი გახლდათ, რომელმაც 10 ქულაც კი ვერ ჩააგდო (7, 3/8). 6 მოხსნა გააკეთა და 3 ჩაჭრაც ჰქონდა, მაგრამ ჯამში მხოლოდ 7 ქულა ძალიან ცოტაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სტარტერია და 32 წუთი ითამაშა. როცა გუნდს დიდი როტაცია არ აქვს, ყველა სტარტერი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს, რასაც ჰორფორდზე ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდით.

ამრიგად, სერიაში მაიამი დაწინაურდა - 1:0. მომდევნო მატჩი 20 მაისსაა, ისევ ბოსტონში, თბილისის დროით 04:30-ზე.

კომენტარები

ბოლო ამბები