- ლინცის ტურნირი 25-27 მაისს ჩატარდება და იქ მხოლოდ 4 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
- განაცხადში ტედი რინერიც არის და ტატამიზე უკრაინის ნაკრებსაც ვიხილავთ
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოისტებს პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი 25-27 მაისს ლინცში ელით, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, იქ საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა.
ამ დროისთვის, ავსტრიის გრან პრიზე 75 ქვეყნის წარმომადგენელი 481 ძიუდოისტია დარეგისტრისტრებული, რომელთა შორის მხოლოდ 4 ქართველია. ესენი არიან: ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81 კგ.), ბაქარ ერაშვილი (90 კგ.) და ლევან გუგავა (100 კგ.).
საინტერესოა, რომ ავსტრია ამ დონის ტურირს პირველად უმასპინძლებს და გასაკვირი არაა, რომ ამ ქვეყნის ნაკრები სოლიდური შემადგენლობით იქნება წარდგენილი. ავსტრიელები ტატამიზე 42 ძიუდოისტს გაიყვანენ, რომელთა შორის ერთბაშად 5 ბორჩაშვილია: ქიმრანი, შამილი, ვახიდი, ადამი და მოვლი.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის განაცხადში ფიგურირებენ მსოფლიოს აწ უკვე 11-გზის ჩემპიონი ფრანგი რინერი და ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი როი მეიერი.
და ერთიც. საერთაშორისო ასპარეზს უბრუნდება უკრაინის ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მასში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების გამო გამოტოვა. უკრაინა ავსტრიაში 17 ძიუდოისტს ჩაიყვანს, რომელთა შორის მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი დარია ბილოდიდიც იქნება.
კომენტარები