- რეალი სიტისთან სასტიკად დამარცხდა
- რა თქვეს ბოსებმა და ფეხბურთელებმა კარლო ანჩელოტიზე
მიუხედავად მანჩესტერ სიტისთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მტკივნეული მარცხისა, მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის სჯერა, რომ არ მოხსნიან.
“არანაირი ეჭვი არ არსებობს,” - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა სიტისთან საპასუხო მატჩში 0:4-ის შემდეგ, - “ჩვენმა პრეზიდენტმა 15 დღის წინ ყველაფერი გასაგებად თქვა.”
რეალის ბოსმა ფლორენტინო პერესმა მართლაც აღნიშნა, რომ ანჩელოტის ბოლომდე ენდობა, როცა ამ უკანასკნელის შესაძლო წასვლაზე სპეკულაციები ატყდა. ამასთან, ცნობილია, რომ ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად ეპატიჟებიან.
მანჩესტერში განცდილი კრახის შემდეგ ანჩელოტი რეალის სხვა ბოსებმაც დაიცვეს. მაგალითად, ემილიო ბუტრაგენიომ ტელეკომპანია MOVISTAR-ს უთხრა: “კარლოს ჩვენთან კონტრაქტი აქვს და დიდებული მწვრთნელია. გარდა ამისა, მან ჩვენთან ყველაფერი მოიგო. ამ გუნდმა ჩვენს ფანებს და მთლიანად კლუბს ბევრი რამ მისცა. როცა ვაგებთ, მაშინაც ერთად უნდა ვიდგეთ.”

ანჩელოტის მხარდაჭერა რეალის ფეხბურთელებმაც გამოუცხადეს. “მწვრთნელი დარჩენას იმსახურებს, ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე. მან ყველა ტიტული მოიგო და გასული სეზონი ჩვენთვის დაუჯერებელი იყო. ანჩელოტი ხარისხს და გამოცდილებას ნიშნავს. ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ. ამ წაგებისგან დრამა არ უნდა შევქმნათ” - ეს ლუკა მოდრიჩის სიტყვებია.
კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორმა მოკლედ უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა!” ტონი კროოსმა კი ასე: “ცხადია! აქ არის ვინმე, ვინც კარლოს აღარ ენდობა?”
კომენტარები