Thumbnail

'მრცხვენია, ეს სუმოს მებრძოლის შესაფერისი არაა' - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

35 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კარიერის დასრულებას აპირებს. მან დღეს ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა და უკვე ცხადია, რომ ქრონიკული ტრავმების ფონზე ძველი დიდების დაბრუნებას ვერ მოახერხებს. ამდენად, მისი გადაწყვეტილება ლოგიკურიცაა.

"ისევ არაფერი გამოვიდა. სამწუხაროდ, ეს სუმოს ნამდვილი მერძოლის შესაფერისი გამოსვლა არაა. ტურნირის წინ ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ასე წარიმართებოდა. მრცხვენია, როდესაც სუმოს ქომაგის წინაშე ასე გამოვდივარ. მარცხენა ხელი ისევ მაწუხებს და მის სრულ დატვირთვას ვერ ვახერხებ, ასე კი, ძალიან მიჭირს", - ტოჩინოშინის მიერ Nikkan Sports-ისთვის მიცემული ამ კომენტარიდან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ყველაფერი ნათელი ხდება.

ჯერჯერობით, ოფიციალური ცნობა, რომ ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა, არ არსებობს. შესაძლოა, მან საზაფხულო სუპერტურნირი მაინც დაასრულოს და წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შემდეგ გამოაცხადოს.

ტოჩინოშინმა დღეს შიმაძუუმისთან იორიკირით წააგო

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კასუგანო ბეიას რიკიშია, მისი დებიუტი სუმოში 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. ქართველი სუმოისტი ჯამში 102 ბაშოზე (აქ ტრავმის გამო გამოტოვებული სამიც ითვლება) გამოვიდა, აქედან 80-ჯერ ელიტარულ – მაკუუჩი დივიზიონში. ამჟამად, ის რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-5 ნომერია.

ტოჩინოშინმა ერთხელ მოიგო უმაღლესი ჯილდო იმპერატორის თასი. ეს 5 წლის წინ მოხდა. 7 ბაშოს განმავლობაში ის ოძეკის (ჩემპიონი) რანგში ჭიდაობდა, იმპერატორის თასთან კი კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს (ვიცე-ჩემპიონი).

ლევანმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო გინო-შო (ტექნიკური რიკიშის პრიზი), 2-ჯერ – შუკუნ-შო (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), 6-ჯერ – კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი), 2-ჯერ კი კინბოშიც (ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის) ერგო. 

ტოჩინოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 614 მარცხია, თუმცა, კი, ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები აქვს: უკანასკნელ ორ წელიწადში 13-დან 11 ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და რეიტინგში დიდი უკუსვლაც ამიტომ შეეხო.

კომენტარები

ბოლო ამბები