Thumbnail
  • დღეს რომა ევროპალიგის ფინალში გასასვლელად იბრძოლებს
  • ჟოზე მოურინიომ თქვა, ახლა სხვებზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე საკუთარ თავზე

ჟოზე მოურინიოს დღეს შანსი აქვს, ბრწყინვალე სამწვრთნელო კარიერაში თავისი გუნდი კიდევ ერთ ფინალში გაიყვანოს. ლევერკუზენის ბაიერთან ევროპალიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის წინ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ცოტა არ იყოს, ფილოსოფიურად ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან შეიცვალა.

“სხვა ადამიანი გავხდი და ახლა სხვებზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე საკუთარ თავზე,” - აღნიშნა ჟოზემ, - “აწმყო უფრო მნიშვნელოვანია. წარსული წარსულია, მომავლის შესახებ კი არაფერი ვიცით. ფინალში გასვლა, ცხადია, ძალიან მინდა, მაგრამ პირველ რიგში არა ჩემთვის, არამედ მინდა, რომ ამ ბიჭებმა და ამ ფანებმა გაიხარონ. რომას გულშემატკივრების სიხარული გამაბედნიერებს, რადგან აბსოლუტურად არაჩვეულებრივები არიან. და ჩემი გუნდიც ნამდვილად იმსახურებს წარმატებას, რადგან მაგრები არიან და ამ სეზონში თავს არ ზოგავენ.”

'ახლა სხვებზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე საკუთარ თავზე'

მოურინიომ ისიც თქვა, რომ ევროპალიგაში დაფიქსირებული შედეგი მის მომავალზე გავლენას არ იქონიებს. როგორც იცით, ვრცელდება ცნობები, რომ ჟოზეს გადაბირებით პარი სენ-ჟერმენია დაინტერესებული. “ამ ან სხვა ასეთ თემაზე ლაპარაკი არ მსურს. ახლა, ჯერ არც ფინალზე ვფიქრობ და ჩემს მომავალზე,” - თქვა მოურინიომ.

ნახევარფინალის პირველ მატჩში ჟოზეს რომამ ”ოლიმპიკოზე” ლევერკუზენი 1:0 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა აქვს. შეგახსენებთ, რომ მოურინიომ შარშან რომას კონფერენსლიგა მოაგებინა. როგორც იცით, 2004 წელს მისმა პორტუმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2010 წელს კი პორტუგალიელმა უკვე მილანის ინტერს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. 2017 წელს ჟოზეს მიერ გაწვრთნილმა მანჩესტერ იუნაიტედმა ევროპალიგა მოიგო, 2003-ში კი - მისმა პორტუმ უეფას თასი.

კომენტარები

ბოლო ამბები