- დენვერ ნაგეტსი 108:103 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
- მატჩზე უდიდესი გავლენა სამქულიანებმა იქონია
- ნიკოლა იოკიჩი და კომპანია სერიაში 2:0-ს იგებენ
აი, ახლა, მესამე და მეოთხე მატჩებში უნდა ვნახოთ, რა შეუძლია ლეიკერსს.
დენვერმა NBA-ს ნახევარფინალურ სერიაში ლებრონ ჯეიმსის გუნდს მეორე თამაშიც მოუგო და სერია უკვე 2:0 მიჰყავს. დასავლეთის TOP გუნდს კონფერენციის ფინალის ამ შეხვედრის მოსაგებად შთამბეჭდავი მეოთხე პერიოდი ეყო, რომელშიც ჯამალ მარი "აფეთქდა". და დენვერმა საბოლოოდ 108:103 გაიმარჯვა.
მარიმ მეოთხე პერიოდში ზედიზედ 5 სროლა ჩააგდო და თამაშში გადამწყვეტი გარდატეხა შეიტანა. მანამდე, სამი მეოთხედის განმავლობაში სტუმრები თითქმის ყოველთვის იგებდნენ, თუმცა დენვერის 20:5 გაქცევამ სცენარი შეცვალა. მარიმ თავისი 37 ქულიდან (11/24 თამაშიდან) 23 ქულა ბოლო 12 წუთში ჩააგდო და ნერვებმა არც Crunchtime-ში, საჯარიმოების დროს უღალატა.

ამიტომაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ ნიკოლა იოკიჩმა ბოლო მეოთხედში თამაშიდან ერთხელაც ვერ ჩააგდო. სამაგიეროდ, სწორედ სერბის დამსახურებაა ის, რომ დენვერი 36 წუთის შემდეგ ჯერ კიდევ თამაშში იყო. 23 ქულით (9/21), 17 მოხსნით და 12 ასისტით დენვერის სუპერვარსკვლავმა ცენტრმა ამ პოსტსეზონში მე-7 სამმაგი დუბლი შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ უილტ ჩემბერლენის ძალიან ძველი რეკორდი გაიმეორა.
ლეიკერსიდან ლებრონ ჯეიმსს ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 22 ქულა (9/19), 9 მოხსნა, 10 ასისტი, 4 ჩაჭრა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლებრონმა ისევ ვერ ჩააგდო სამქულიანი (0/6) და პირველ ტაიმში ჰქონდა მომენტი, როცა ჩატენვის მცდელობისას ბურთი დაკარგა. შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდა ენტონი დევისსაც (18 ქულა, 4/15, 14 მოხსნა, 4 დაფარება). ლეიკერსიდან სამიანებს კარგად მხოლოდ ოსტინ რივსი ისროდა (22 ქულა, 5/9 სამქულიანი)
მთავარი ფაქტები
🏀 | პირველ ტაიმში ლეიკერსის საუკეთესო მექულა რუი ჰაჩიმურა გახლდა& 17 ქულით, რომელმაც პირველ 24 წუთში ნიკოლა იოკიჩზე მეტი ქულაც კი დააგროვა. თანაც, იაპონელს 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა (7/7). ბოლოს ასეთი შედეგი ლეიკერსის კალათბურთელს 2008 წლის ფინალებში ჰქონდა და ის ლამარ ოდომი გახლდათ. 7/7 პერფორმანსი პირველ ტაიმში NBA-ში ბოლოს ლებრონ ჯეიმსს ჰქონდა 2016 წლის კონფერენციის ფინალში.
🏀 | მატჩზე უდიდესი გავლენა იქონია სამქულიანებმა. სამი მეოთხედის შემდეგ დენვერს 7/25 ჰქონდა, ბოლო მეოთხედში კი ნაგეტსმა 7/13 დააფიქსირა - მხოლოდ ერთით ნაკლები, ვიდრე ლეიკერსმა მთელ თამაშში ჩააგდო (8/30). და თუ რივსის სამიანებს არ ჩავთვლით, ლეიკერსის შედეგი სამქულიანებში ასე გამოიყურება: 3/21. ფაქტია, ლეიკერსს ასე გაუჭირდება.
🏀 | თანაც, ლებრონს ერთი სამქულიანიც კი არ ჩაუგდია (0/6) და ასეთი ცუდი შედეგი მას პლეი ოფში ბოლოს 2008 წელს ჰქონდა. საერთოდაც, ESPN Stats & Info გვეუბნება, რომ ლებრონს ბოლო მეოთხედებში ზედიზედ 19 სამქულიანი აქვს გაფუჭებული და ბოლოს მეოთხე პერიოდში მემფისთან მეორე თამაშში ჩააგდო.
ოსტინ რივსი (ლეიკერსი) ლებრონ ჯეიმსზე: “იმდენი უნდა ესროლოს, რამდენიც უნდა და ისე, როგორც უნდა. ის ლებრონ ჯეიმსია. ჩვენ გვინდა, რომ ესროლოს ყოველთვის, როცა გრძნობს, რომ უნდა ესროლოს.”
მაიკლ მელოუნი (დენვერის მთავარი მწვრთნელი): “პირველი მატჩის შემდეგ ყველა ამბობდა, რომ ლეიკერსი კარგ სიტუაციაშია. ნიკოლა იოკიჩის გრანდიოზულ თამაშზე თითქმის არავის უსაუბრია. არავის აინტერესებდა დენვერი და ნიკოლა. დღეს ბევრს მოვაკეტინეთ და 2:0-ს ვიგებთ.”
მესამე მატჩი 21 მაისს, უკვე ლოს ანჯელესში გაიმართება და თბილისის დროით 04:30-ზე დაიწყება.
კომენტარები