Thumbnail

'ჩემს აღზრდილებს შორის ყველაზე ძლიერი იყო' - ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'იანვარში მიღებულმა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა, უკვე სუმოს შიში მქონდა'
  • ქართველმა რიკიშიმ გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჩაატარა

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა კარიერის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. აღნიშნული საგანგებო პრესკონფერენციაზე მოხდა, რომელიც ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” ჩაატარა.

ეს სწორედ ის არენაა, სადაც საზაფხულო ბაშო მიმდინარეობს, ქართველი რიკიში კი ტურნირს მას მერე დაემშვიდობა, რაც რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში ზედიზედ 5 მარცხი განიცადა.

"ყველას მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ იაპონიაში ჩამოსვლისა და სუმოისტის კარიერის აწყობის საშუალება მომეცა. სამწუხაროდ, იანვარში მხრის ტრავმა მივიღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, მას მერე სრული დატვირთვით ასპარეზობას ვერ ვახერხებდი. ვგრძნობდი, რომ უკვე შიში მქონდა. ქომაგებისთვის ასეთი დონის სუმოს ჩვენება უხერხულიც კი იყო. ეს ძალიან სამწუხაროა. ამიტომაც გადავწყვიტე კარიერა დამესრულებინა. ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია ახლა რას გავაკეთებ, თუმცა, მინდა, რომ სუმოს შემდგომი ცხოვრებაც მაქსიმალურად გამოვიყენო".

ტოჩინოშინის გამოსათხოვარი პრესკონფერენცია

სახელოვანი შეგირდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მისი აღმზრდელი – ოიაკატა ტოჩინოვაკა, რომელიც კასუგანოს სკოლას ხელმძღვანელობს.

"ის ყველაზე ძლიერი იყო მათ შორის ვინც კი გამიზრდია. ტოჩინოშინმა ოძეკის წოდებამდე მისვლა მოახერხა, ამას დამატებული კი იმპერატორის თასის მფლობელიც გახდა. ეს ჩემი ოცნებაც იყო, თუმცა, ნამდვილად არ ველოდი, რომ მას ახდენა ეწერა. ტოჩინოშინი გონებითაც გამორჩეული იყო. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, რომელიც ადრე არსებობდა, მასთან იდეური კავშირიც თავიდანვე ჩამომიყალიბდა".

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი სწორედ კასუგანო ბეიას რიკიში იყო, მისი სუმოში დებიუტი კი 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. ქართველი სუმოისტი ჯამში 102 ბაშოზე (აქ ტრავმის გამო გამოტოვებული სამიც ითვლება) გამოვიდა, აქედან 80-ჯერ ელიტარულ – მაკუუჩი დივიზიონში. ბოლოს, ის რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-5 ნომერი იყო. ტოჩინოშინმა ერთხელ მოიგო უმაღლესი ჯილდო იმპერატორის თასი. ეს 5 წლის წინ მოხდა. 7 ბაშოს განმავლობაში ის ოძეკის (ჩემპიონი) რანგში ჭიდაობდა, იმპერატორის თასთან კი კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს (ვიცე-ჩემპიონი).

ლევანმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო გინო-შო (ტექნიკური რიკიშის პრიზი), 2-ჯერ – შუკუნ-შო (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), 6-ჯერ – კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი), 2-ჯერ კი კინბოშიც (ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის) ერგო.  ტოჩინოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 615 მარცხია, თუმცა, კი, ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა: უკანასკნელ ორ წელიწადში 13-დან 11 ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და რეიტინგში დიდი უკუსვლაც ამიტომ შეეხო. ცნობისთვის, ტოჩინოშინს ოიაკატას ლიცენზია არ გააჩნია, ამდენად, იაპონიის სუმოს ასოციაციაში მწვრთნელი-აღმზრდელის რანგში ვერ დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები