Thumbnail
  • ჯასტინ ტიპურიკმა და ალუნ ვინ ჯონსმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს
  • ბორჯღალოსნებს უელსელებთან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასზე მოუწევთ

2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის უელსის რიგებში დიდი ცვლილებებია. ტურნირის დაწყებამდე 3.5 თვით ადრე “დრაკონებს” ერთბაშად 2 უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამოაკლდათ, რომლებიც მთავარ მწვრთნელს უორენ გეტლანდს წინასწარ შემადგენლობაში ჰყავდა დასახელებული.

საუბარია ორი კაპიტანზე – 33 წლის ჯასტინ ტიპურიკსა და 37 წლის ალუნ ვინ ჯონსსზე, რომლებსაც ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ და მათი წასვლა უელსეში უკვე შეფასდა ნამდვილ შოკად.

ცნობისთვის, ჯონსს უელსის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მაისურით 170 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც მსოფლიო რაგბისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ვეტერან მეორეხაზელს სანაკრებო დებიუტი ჯერ კიდევ 2006 წელს ჰქონდა და მას მერე ოთხ მსოფლიო თასზე ითამაშა.

ალუნ ვინ ჯონსს ზურგს 170 კეპი უმაგრებს და ეს სარეკორდო მაჩვენებელია

სახელოვანი კარიერა ჰქონდა ტიპურიკსაც, რომელიც “დრაკონებში” 2011 წელს გამოჩნდა და მას მერე ნაკრების მაისური 93-ჯერ მოირგო. ალუნ ვინ ჯონსის მსგავსად მას 6 ერის გათამაშება 4-ჯერ აქვს მოგებული. 33 წლის მესამეხაზელმა 2015 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში ითამაშა, 2019-ში კი უელსის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალამდე მივიდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. ბორჯღალოსნები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია ეყოლებათ. კონკრეტულად უელსელებთან დაპირისპირება 7 ოქტომბერს ნანტში შედგება. ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები