Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 105:111 მაიამი ჰიტი
  • ფლორიდელებმა მეორე თამაშიც მოიგეს და სერიაში 2-0 დაწინაურდნენ
  • ჯიმი ბატლერმა 27 ქულა ჩააგდო, ბემ ადებაიო სამმაგ დუბლთან ახლოს 

მაიმი ჰიტმა ბოსტონში მეორე თამაშიც მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მოგებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. სელტიკსს ჯეისონ ტეიტუმის შედეგიანმა თამაშმაც ვერ უშველა, რომელმაც 34 ქულა, 13 მოხნსა და 8 პასი მოაგროვა. მისმა ვერცერთმა თანაგუნდელმა შეძლო 20-ქულიან ზღვრამდე მიღწევა. შედეგად, მაიამი სერიას უკვე 2:0-ს იგებს.

რაც შეეხება სტუმრებს, ჰიტის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ მისმა ლიდერმა ჯიმი ბატლერმა შეიტანა. მის ანგარიშზე 27 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 3 ჩაჭრაა. ცენტრი ბემ ადებაიო სამმაგ დუბლთან ახლოს იყო - 22 ქულა, 17 მოხსნა და 9 პასი. სკამიდან ეფექტური იყო კალებ მარტინი, რომლის ანგარიშზე 25 ქულა დაგროვდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მატჩის ბედი კი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მეოთხე მეოთხედს მასპინძლები 8-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, მაგრამ ფლორიდელებს გაქცევამ (24:9) თამაშის მოგებამდე მიყვანა შეაძლებინა. გადამწყვეტი მომენტი საფინალო სირენამდე 35,1 წამით ადრე დადგა, როდესაც ანგარიში ჰიტის სასარგებლოდ 105:103 იყო, გეიბ ვინსენტმა ჯერ საშუალო დისტანციიდან ჩააგდო, შემდეგ კი საჯარიმო სროლებიც უნაკლოდ შეასრულა.

მთავარი ფაქტები

🏀 | ჯეისონ ტეიტუმი მესამე მოთამაშე გახდა NBA-ს პლეი ოფების ისტორიაში 2100 ქულით, 25 წლის ასაკამდე. მანამდე ეს კობი ბრაიანტმა (2694) და კევინ დურანტმა (2109) შეძლეს.

🏀 | მაიამის  კალათბურთელმა დუნკან რობინსონმა მარიო ჩალმერსს (117) გადაასწრო და მეორე ადგილი დაიკავა კლუბის ისტორიაში პლეი ოფში რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით - 119. პირველ ადგილზე ლებრონ ჯეიმსია 123 “სამიანით”. 
  
🏀 | ფლორიდელთა ცენტრმა ბემ ადებაიომ დუეინ უიედს აჯობა და დუბლების რაოდენობით მეორე ადგილი დაიკავა მაიამის ისტორიაში - 23. პირველი აქაც ლებრონია, 31 დუბლით.

🏀 | სტუმართა მსუბუქმა ფორვარდმა კალებ მარტინმა 25 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მარტინი სერიაში საშუალოდ უფრო მეტ ქულას აგროვებს (20), ვიდრე ჯეილენ ბრაუნი (19). სხვათა შორის, ბრაუნმა ბოლო მატჩის მეოთხე პერიოდში სულ 3 ქულა მიითვალა, ტეიტუმმა - ხუთი (ყველა საჯარიმოდან). 

🏀 | ტეიტუმს მაიმისთან სერიაში დასკვნით 12-წუთიან პერიოდებში თამაშიდან რეალიზაცია 0/3 და ხუთი დაკარგვა ჰქონდა, ჯამში 11 ქულა კი საჯარიმოებით მიითვალა.

🏀 | მიმდინარე პლეი ოფში მაიმის მაჩვენებელი, როდესაც ჯიმი ბატლერი თამაშში მინიმუმ 13 სროლას ასრულებს, 10 მოგება და არცერთი მარცხია.

მაყურებელმა ბოლო მეოთხედში ჯიმი ბატლერსა და გრანტ უილიამსს შორის დაპირისპირებაც იხილა. ბოსტონის ფორვარდმა პერიმეტრიდან ჩააგდო და რაღაც უთხრა ბატლერს, ამ უკანასკნელმა კი ორქულიანით უპასუხა და კალათბურთელების “მზერით დუელი” ამის შემდეგ დაიწყო.  მატჩის შემდეგ განხილვის თემა ეს ინციდენტიც იყო.

ჯიმი ბატლერი: "რა თქმა უნდა, ამ ინციდენტმა ჩემზე იმოქმედა. ასეთია ჩვენ მეტოქეობაა. მან მნიშვნელოვანი სროლა ჩააგდო და რაღაც ჩაილაპარაკა. მე ეს მომწონს - ნებისმიერ სხვა რამეზე უფრო მეტად მახელებს, თუმცა ამავრდოულად, ჩემში მხოლოდ ღიმილს იწვევს. გრანტს პატივს ვცემ, ის ბოსტონის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბრწყინვალედ ისვრის, ნაყოფიერად მუშაობს დაცვაში". 

გრანტ უილიამსი: "თუ სწორად მახსოვს, რაღაც მითხრა და პასუხი დავუბრუნე. მებრძოლი ვარ და ვიბრძოლებ. ასეთ ინციდენტებს არასდროს გავექცევი. მშობლები მასწავლიდნენ, რომ თუ სახეში გაგარტყამენ, შინ არ უნდა დაბრუნდე, სანამ პასუხს არ გასცემ. მზად ვარ მესამე თამაშში სრულიად სხვა მენტალობით დავბრუნდე და ვიცი, რომ ამისთვის ჩემი გუნდიც მზად არის. მან (ბატლერმა) რამდენიმე რთული სროლა შეასრულა, მაგრამ ამის გაკეთება სერიის ბოლომდე მოუწევს. მე მას არ მოვერიდები, რადგან ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის დიდებული ადამიანია, ნამდვილი მამაკაცი". 

სერიის მესამე თამაში 22 მაისს გაიმართება და ამჯერად მასპინძელი უკვე მაიმი ჰიტი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები