Thumbnail
  • ევროპოპის YouTube არხზე კვირას ახალი გადაცემა დაიწყო
  • საქართველოს ყველა დროის ნაკრები გუნდები შევადგინეთ
  • ტატო ბაციკაძემ “ძველების” სიმბოლური შეადგინა, გიორგი ჯანელიძემ - “ახლების”

“ევროპოპის” YouTube არხზე ახალი გადაცემა დაიწყო, რომელსაც “თამაშის თეორია” დავარქვით და რომელიც ჩვენს არხზე თვეში ორჯერ გავა ხოლმე. 

ეს არის ანალიტიკურ-შემეცნებითი ხასიათის ინტერაქციული გადაცემა, რომლის წამყვანები სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ტატო ბაციკაძე და პუბლიცისტი და ბლოგერი რეზი ხუნწელია არიან. “თამაშის თეორია” ძირითადად ფეხბურთს ეძღვნება და წამყვანები მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა კონტექსტში შეაფასებენ სპორტულ მოვლენებს.

ახალი გადაცემის პირველი სტუმარი გიორგი ჯანელიძე გახლდათ, მიზანი კი - საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები გუნდების შედგენა. თემა ორ ნაწილად გავყავით: “ძველების” ყველა დროის გუნდი და “ახლების” სიმბოლური ნაკრები. ალბათ მიხვდით, რომ “ძველების” გუნდში საბჭოთა კავშირის პერიოდის TOP 11 იგულისხმება, ხოლო “ახლებში” კი - დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო თერთმეტეული. “ძველების” სიმბოლური ნაკრები ტატო ბაციკაძემ შეადგინა, “ახლების” - გიორგი ჯანელიძემ.

აქ არ “დაგასპოილერებთ”, რადგან გადაცემა ძალიან საინტერესო გამოვიდა და ყველა გადაწყვეტილებას თავისი ახსნა აქვს, რომელიც უნდა მოისმინოთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჯანელამ კლასიკური 4-4-2 სქემა აირჩია, ხოლო ტატომ კი - 3-5-2. გარდა ამისა, გადაცემაში მათ ერთმანეთის გადაწყვეტილებებიც შეაფასეს და ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო - მაგალითად, იმაზე, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. გარდა ამისა, ტატომ და ჯანელამ თავიანთი გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და სათადარიგო მოთამაშეებიც დაასახელეს.

“გადაცემის მიზანია, შევქმნათ ანალიტიკური ველი, სადაც საშუალება გვექნება, სპორტი არა როგორც იზოლირებულად, არამედ კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ კონტექსტში დავინახოთ.” - ეს “თამაშის თეორიის” თანაწამყვანის, რეზი ხუნწელიას სიტყვებია.

ახლა კი ნახეთ პირველი გადაცემა და ველოდებით კომენტარებს - გაგვიზიარეთ თქვენი აზრები შედგენილ სიმბოლურ ნაკრებ გუნდებთან დაკავშირებით და სიამოვნებით გავეცნობით თქვენს მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებებსაც.

კომენტარები

ბოლო ამბები