- ფესტივალზე 40-ზე მეტი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა
- ღონისძიებაზე “ევროპოპის” ორი სივრცე იყო წარმოდგენილი
- ორდღიანი სპორტფესტი კალათბურთის თავისუფალი თამაშით დასრულდა
Sport Fest Georgia სპორტული ფესტივალია, რომელიც საქართველოში მეორე წელია ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ემსახურება. წელს, ღონისძიება 20-21 მაისს Expogeorgia-ს შიდა და გარე სივრცეში ჩატარდა. ფესტივალზე 40-ზე მეტი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა - თაგ რაგბი შეჯიბრება, საქართველოს ოკივანური გოჯუ-რიუ კარატე ვარჯიში, სამქულიანების ტურნირი, მინი ფეხბურთი, სამურაი ბავშვების წარმოდგენა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მიიღო მონაწილეობა. კალათბურთის სივრცეში სემინარები 18-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა ირაკლი ძიძიგურმა და სუპერლიგის მწვრთნელებმა, ბექა წივწივაძემ და ნიკა ცინცაძემ ჩაატარეს. მაყურებლებს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრების ხილვაც შეეძლოთ - მათ შორის იყვნენ დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე და გივი ბაქრაძე.
ღონისძიება ინტერაქციული იყო, შესაბამისად, მოსულ ადამიანებს, როგორც ტურნირების ყურება, ასევე მათში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ. ვთქვათ ისიც, რომ ზედიზედ მეორე წელია, “ევროპოპი” Sport Fest-ის მხარდამჭერია. Expogeorgia-ს შიდა სივრცეში “ევროპოპის” ორი კუთხე იყო წარმოდგენილი - მინი ფეხბურთის არენა და მაგიდის ფეხბურთი.
სპორტული ფესტივალის შესახებ ღონისძიების მთავარ ორგანიზატორს ვესაუბრეთ, რომელიც ორდღიანი აქტივობების მნიშვნელობაზე გვესაუბრა:
რეზი პეტრიაშვილი (Sport Fest-ის მთავარი ორგანიზატორი): "ჩვენი იდეა სხვადასხვა სპორტული დისციპლინის გაერთიანება იყო. ღონისძიებაში 40-ზე მეტი აქტივობა მიმდინარეობდა, რომლებშიც ინდივიდუალურად შიდა გათამაშებები ტარდებოდა, ამიტომ ფესტივალი ძალიან სახალისო და აქტიური გამოდგა. შიდა სივრცეში უფრო საგამოფენო აქტივობებია, გარეთ კი დიდი თამაშებია მოწყობილი. ჩვენი მთავარი მესიჯია, რომ ჯანმრთელი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, აბსოლუტურად ყველასთან მივიტანოთ ეს სათქმელი, აირჩიონ მათთვის სასურველი დისციპლინა და, თუ არჩეული აქვთ, პროფესიონალებისგან რჩევა მიიღონ."
მაყურებლების მაღალი ჩართულობა “ევროპოპის” მინი ფეხბურთის არენამ გამოიწვია, სადაც საფეხბურთო ტურნირი 3x3-ზე ჩატარდა. შეჯიბრებაში სულ 6-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებული დიდუბის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში სოხუმი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (9:7). ტურნირში სხვადასხვა ნომინაცია გათამაშდა - საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი გოცაძე დასახელდა, საუკეთესო გოლის პრიზი თომა გოცაძემ მიიღო, ხოლო ბომბარდირი გიგა ძებნიაური გახდა.
თორნიკე ბერიძიშვილი (დიდუბის გუნდის კაპიტანი): "ძალიან კარგი ტურნირი იყო, მადლობა ორგანიზატორებს. გუნდში მაგარი ბიჭები მყავდა, მათი წყალობით ჯერ ფინალში გავედით და შემდეგ ჩემპიონატის მოგება შევძელით. ფინალში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, ყველანი გახარებული ვართ ამ ტურნირის მოგებით."
“ევროპოპის” მეორე სივრცე - მაგიდის ფეხბურთი დღის ბოლოს ჩატარდა. ტურნირში 32-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ფორმატი - 2x2-ზე. შეჯიბრება ნიკოლოზ სადირინისა და ვანო მზექალაშვილის დუეტმა მოიგო, მათ ფინალში იკაკო ჩოჩიასა და რეზი მილორავას სძლიეს - 10:7, ორივე გამარჯვებულს playstation 5 გადაეცა. აღსანიშნავია, რომ მაგიდის ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი “ევროპაბეთი” გახდა, კომპანია ფედერაციას განვითარებაში დაეხმარება.
ნიკოლოზ სადირინი (მაგიდის ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული): "ძალიან საინტერესოა, აქ როგორ მოვხვდი: მეგობარმა დამირეკა, ერთი კაცი გვაკლდებაო და მეც მოვედი. მადლობა ორგანიზატორებს, რომ ეს შესაძლებლობა მოგვცა, გავერთეთ და საკმაოდ კარგი საჩუქრებიც მივიღეთ. მაგიდის ფეხბურთი სამსახურში მაქვს და იქ ვვარჯიშობ. ფინალში ოფლად დავიღვარე, რადგან მთელს ჩემს ჩართულობას მოითხოვდა, თანაც, ამდენი ხალხის წინაშე თამაში დიდი ემოცია იყო."
Sport Fest Georgia 2023 კალათბურთის სივრცეში თავისუფალი თამაშით დასრულდა.
კომენტარები