- ნაპოლი 3:1 ინტერი
- გოლები: 1:0 ანგისა (67), 1:1 ლუკაკუ (82), 2:1 დი ლორენცო (85), 3:1 გაეტანო
- ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში ჰქონდა, მაგრამ უგოლო
არ არსებობს გუნდი, რომელსაც ნაპოლი მიმდინარე სეზონში ერთხელ მაინც შეხვდა და ვერ დაამარცხა.
ასეთი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ინტერი იყო, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდმა მილანური გრანდი სერია A-ს 36-ე ტურში 3:1 დაამარცხა. ამგვარად, სეზონში მინიმუმ ერთხელ ნებისმიერი მეტოქე დაამარცხა, ვისაც ეთამაშა.
ნაპოლი მთელი თამაში უპირატესობას ფლობდა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან სიმონე ინძაგიმ შემადგენლობა გადაახალისა, ხოლო სპალეტიმ - პირიქით. პირველი ტაიმის მიწურულს კი მილანელთა მდგომარეობა რობერტო გალიარდინის გაძევებამ დაამძიმა, რომელმაც 2-ჯერ მოასწრო ყვითელი ბარათის მიღება.
გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისამ გაიტანა და ანგარიში გახსნა. ინტერი განწირული ჩანდა, ვერც უტევდა, მაგრამ 82-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ ჟუან ჟეზუშს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. მანამდე, 2 წუთით ადრე, ნაპოლის, კერძოდ, ჯოვანი სიმეონეს გოლი არ ჩაუთვალეს, რომელიც არგენტინელმა ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა. კვარამ მას ცარიელ კარში გაატანინა, მაგრამ მსაჯმა შეტევის დასაწყისში პიოტრ ჟიელინსკის მხრიდან თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. ხვიჩამ ორჯერ დაარტყა კარში, მაგრამ ორჯერვე ანდრე ონანამ აჯობა. 84-ე წუთზე სპალეტიმ ქართველი ვარსკვლავი შეცვალა, ხოლო ერთ წუთში მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, რომელიც კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს ანგარიშზეა - 2:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ჯანლუკა გაეტანომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 41 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 14-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა. სხვათა შორის, მარტის შემდეგ, ზედიზედ 12 შეხვედრაა კვარას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, რაც მისი კარიერის ყველაზე ცუდი სერიაა. ამ პერიოდში 22 წლის ქართველმა მხოლოდ 1 პენალტის გამომუშავება მოახერხა.
ნაპოლის 86 ქულა აქვს და დარჩენილ ორივე მატჩსაც თუ მოიგებს, სერია A-ს 92 ქულით დაასრულებს, რაც მისთვის პირადი რეკორდი იქნება. ჯერჯერობით, ნაპოლის საუკეთესო მონაგარი 91 ქულაა მაურიციო სარის დროს, 2017/18 წლების სეზონში, თუმცა, მაშინ ეს მხოლოდ მე-2 ადგილისთვის იყო საკმარისი.
ინტერს ამ წაგებით საქმე გაურთულდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ჯერ გარანტირებული არაფერი აქვს. უფრო მეტიც, ლაციო ამ ტურში თუ მოიგებს, ინძაგის გუნდი მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდება.
ნაპოლი 3:1 ინტერი
გოლები: 1:0 ანგისა (67), 1:1 ლუკაკუ (82), 2:1 დი ლორენცო (85), 3:1 გაეტანო
გაძევება: გალიარდინი (41)
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი (74. ჟუან ჟეზუში), ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი (83. გაეტანო) - ელმასი (69. რასპადორი), ოსიმენი (69. სიმეონე), კვარაცხელია (84. პოლიტანო).
ინტერი (3-5-2): ონანა - დ’ამბროზიო, დე ვრეი, ბასტონი (58. აჩერბი) - ბელანოვა (74. დუმფრისი), ბარელა (58. ბროზოვიჩი), ასლანი, გალიარდინი, გოზენსი (80. ლაუტარო) - ლუკაკუ, კორეა (74. დიმარკო).
კომენტარები