- ვალენსია 1:0 რეალ მადრიდი
- მამარდაშვილმა კარიერის მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს მოაგებინა
- 'უკეთესს ჰოლივუდის სცენარისტიც ვერ მოიფიქრებდა' - AS მამარდაშვილზე
ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონი დასასრულს უახლოვდება. 35-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ მადრიდის რეალს უმასპინძლა, მნიშვნელოვან შეხვედრაში ძლიერი მეტოქე ქართველი მეკარის უდიდესი დამსახურებით, 1:0 დაამარცხა და ლა ლიგაში დარჩენისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. გიორგიმ კი წელს კარი მშრალად მეშვიდეჯერ შეინახა.
პირველ ტაიმში მამარდაშვილს კარში ერთადერთხელ დაურტყეს - 31-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ საჯარიმო შეასრულა და ქართველ მეკარეს ბურთი პირდაპირ ხელებში მიუვიდა. ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა, ჯასტინ კლუივერტმა საჯარიმოში ბურთი მიიღო და კარში დარტყმა სურდა, მაგრამ შესანიშნავი პასი გამოუვიდა და ახლო მანძილიდან დიეგო ლოპესმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს "ღამურებს" უპირატესობის ორამდე გაზრდის შანსი ჰქონდათ, ლოპესი საჯარიმოში შესანიშნავად შევიდა და ორჯერ შეეძლო მეტოქის კარის აღება, მაგრამ ორივეჯერ ტიბო კურტუამ აჯობა.

56-ე წუთზე ვალენსიის კარს როდრიგო უტევდა, რომელმაც საჯარიმოდან კარში დაარტყა, მამარდაშვილი ამჯერადაც დამაჯერებელი იყო და ბურთი კუთხურზე გადააგდო. მთავარმა მსაჯმა 10 წუთი დაამატა და რეალს ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი დრო ჰქონდა. მამარდაშვილმა 91-ე წუთზე ვალვერდეს სასწაული ბურთი აუღო და თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა. 93-ე წუთზე ქართველ მეკარეს კიდევ ერთი შესანიშნავი სეივი ჰქონდა, გიორგიმ ამჯერად კროოსის ჯარიმიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. მატჩის მიწურულს დაძაბულობამ პიკს მიაღწია და გაწევ-გამოწევა ვინისიუს ჟუნიორსა და მამარდაშვილს შორის მოხდა, ამ დროს ბრაზილიელმა ვალენსიას ფეხბურთელს ხელი სახეში გაარტყა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. გიორგიმ ბოლო წამებზე კიდევ ერთი ბურთი მოიგერია, ერთი ერთზე ბენზემა გავიდა და ამჯერადაც, ქართველი გამოსვლაზე უშეცდომო იყო. მამარდაშვილი, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
ვალენსიამ ამ მოგებით 40 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა, რაც სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი უნდა იყოს. "ღამურები" შემდეგ ტურში 25 მაისს მალიორკას ესტუმრებიან.
კომენტარები