Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 128:102 ბოსტონ სელტიკსი
  • მაიამი სერიაში უკვე 3:0-ს იგებს და ფინალთან ერთ ნაბიჯშია
  • გეიბ ვინსენტმა კარიერის თამაში ჩაატარა

მაიამი ჰიტი სენსაციურ თამაშს აგრძელებს და NBA-ს ნახევარფინალურ სერიაში ბოსტონ სელტიკსს ანადგურებს!

სტუმრად მოგებული ორი მატჩის შემდეგ, ჯიმი ბატლერმა და კომპანიამ ბოსტონელები მესამე მატჩშიც დაამარცხეს (128:102), სერიას 3:0-ს იგებენ და ფინალამდე ერთადერთი მოგებაღა აკლიათ. თუ მომდევნო მატჩიც მაიამიმ მოიგო, შეიძლება NBA-ს ისტორია გადაიწეროს, რადგან აქამდე ორივე ნახევარფინალური სერია 4:0 არასდროს დამთავრებულა. შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში დენვერი ლეიკერსს ასევე 3:0-ს უგებს. ანუ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ NBA-ს ორივე რეკორდსმენმა, ლეიკერსმა და ბოსტონმა ნახევარფინალები 0:4 წააგონ… აქვე ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ NBA-ს ისტორიაში 0:3 არავის შეუტრიალებია.

მაიამის და ბოსტონის ამ მესამე მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ე.წ. “ჰიტის კულტურა”. დიდ სცენაზე ამჯერად ისეთმა მოთამაშეებმა გაიბრწყინეს, როგორებიც არიან გეიბ ვინსენტი, კალებ მარტინი და დანკან რობინსონი. ვინსენტმა 29 ქულა ჩააგდო (11/14, 6/9 სამქულიანი), მარტინის ანგარიშზე 18 ქულა (7/11) გახლდათ, რობინსონმა კი 22 ქულა (7/11) დააგროვა. ბემ ადებაიო 13 ქულამდე ავიდა, ჯიმი ბატლერს კი ამჯერად 16 ქულა ჰქონდა (5/13, 8 მოხსნა, 6 ასისტი).

სელტიკსმა კი გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა. თავად განსაჯეთ: ბოსტონის საუკეთესო მექულე ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ 14 ქულა დააგროვა (6/18, 1/7 სამქულიანი). ვერაფერი გააწყო ჯეილენ ბრაუნმაც (12 ქულა, 6/17, 0/7 სამქულიანი). სელტიკსის ამ ორმა მთავარმა ვარსკვლავმა 14 სამქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდეს და მთელი გუნდის კვოტა ძალიან დაბლა დასწიეს (11/42). მარკუს სმარტს და ოლ ჰორფორდს 8-8 ქულა ჰქონდათ…

მატჩის ბედი რეალურად მესამე პერიოდის შუაში გადაწყვეტილი იყო, რადგან მაიამი იმ დროს უკვე 30 ქულაზე მეტი უპირატესობით იგებდა.

ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიკსი): “არ ვიცი, ლაპარაკი საიდან და რით დავიწყო. ჩვენი გულშემატკივრები ძალიან გავანაწყენეთ. დამნაშავის ძებნა არ შეიძლება, ყველანი შევრცხვით, ყველა დონეზე.”

გეიბ ვინსენტი (მაიამი ჰიტი): “ტრიუმფი გვინდა. ესაა ჩვენი მიზანი და არაფერი შეცვლილა. მაიამი ყოველ წელს ტიტულისთვის იბრძვის და არც წელსაა სხვანაირად.”

მეოთხე მატჩი მაიამიში 24 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 04:30-ზე დაიწყება. ბოსტონის sweep ალბათ გარდაუვალია…

კომენტარები

ბოლო ამბები