Thumbnail

ბასილაშვილის ვარდნა გრძელდება - ნიკა უკვე ორასეულს მიღმა იმყოფება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ATP-ს მიერ განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 217-ე ადგილზეა
  • მიმდინარე კვირაში ის როლან გაროსის კვალიფიკაციაში ითამაშებს

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში ვარდნას განაგრძობს. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში ბასილაშვილმა კიდევ 65 ქულა და 44 პოზიცია დაკარგა და უკვე 217-ე საფეხურზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი რეიტინგის მოწინავე ორასეულს მიღმა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად აღმოჩნდა. მაშინ ის მსოფლიოს 221-ე ჩოგანი იყო.

ბასილაშვილი ბოლოს რომის მასტერსის კვალიფიკაციაში გამოჩნდა და მსოფლიო რეიტინგში 183-ე ადგილზე მყოფ "უაილდ ქარდის" მქონე იტალიელ ფლავიო კობოლის პირველ სეტში 2:5 ჩამორჩა, რის შემდეგაც თამაში შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ეს, ნიკასთვის ზედიზედ მე-7 მარცხი იყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჯულიო ძეპპიერის კარიერაში პირველად შეხვდება

ამჟამად, ბასილაშვილი პარიზში იმყოფება და დღეიდან საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაერთვება. ნიკოლოზის პირველი მეტოქე 21 წლის იტალიელი ჯულიო ძეპპიერი იქნება, რომელიც მსოფლიოს 129-ე ჩოგანია. ქართველი ჩოგბურთელი მას კარიერაში პირველად დაუპირისპირდება და თუკი იმარჯვა, კვალიფიკაციის მე-2 წრეში ჟოაო სოუზასა (პორტუგალია) და სანტიაგო როდრიგეს ტავერნას (არგენტინა) შორის უმჯობესს შეხვდება.

შარშან ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში იყო და ამერიკელ მაქსიმ კრესის 3:6, 2:6, 7:6 (10:8), 6:4, 6:4 სძლია, შემდეგ კი, ასევე აშშ-ს წარმომადგენელ მაკკენზი მაკდონალდთან 3:6, 1:6, 4:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი პროფესიულ ჩოგბურთში 2008 წლიდან იმყოფება და თითქმის 9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2019 წელს ნიკოლოზი რეიტინგში ყველაზე მაღლა, მე-16 პოზიციაზე იყო. მას 2018-2021 წლებში ATP-ის ხუთი ტიტული აქვს მოგებული. 2020 წლის მაისში ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო. 

კომენტარები

ბოლო ამბები