- ენტონი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მექულე იყო
- 38 წლის კარმელო გულშემატკივრებს ვიდეოთი დაემშვიდობა
38 წლის ასაკში NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მექულემ, კარმელო ენტონიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამერიკელი კალათბურთელი გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი დაემშვიდობა, რომელშიც ასევე მისი განვლილი კარიერა არის გადმოცემული.
ბოლოს კარმელო ლოს ანჯელეს ლეიკერსში 2021/22 წლების სეზონში თამაშობდა. ის 2003 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად დენვერ ნაგეტსმა აიყვანა, სადაც 2003-2011 წლებში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ 2003 წლის დრაფტზე აიყვანეს ლებრონ ჯეიმსი, კრის ბოში, დუეინ უეიდი და ზაზა ფაჩულია. ენტონი ასევე თამაშობდა ნიუ იორკ ნიქსში (2011-2017), ოკლაჰომა სიტი თანდერში (2017-2018), ჰიუსტონ როკეტსში (2018-2019) და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში (2019-2021).
NBA-ში გატარებულ 19 სეზონში მან 28 289 ქულა დააგროვა, ამ მაჩვენებლით ის ლიგის საუკეთესო მექულეებში მე-11 ადგილს იკავებს. ენტონიმ 10-ჯერ მიიღო მონაწილეობა ALL STAR-ის შეხვედრებში და ასევე იყო NBA-ს TOP 75-ის წევრი. აშშ-ს ნაკრებთან ერთად მან ოლიმპიადაზე სამჯერ ოქროს, ერთხელ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კომენტარები