- მამუკელაშვილს სპურსში ბოლოს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა
- ამერიკული გამოცემა წერს, რომ მას ტექსასური გუნდი დაიტოვებს
NBA-ს 2023 წლის დრაფტის ლატარიაზე სან ანტონიო სპურსს გაუმართლა. ტექსასურ გუნდს შესაძლებლობა ექნება საუკუნის ტალანტად აღიარებული, ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა პირველ ნომრად აირჩიოს. ვემბა ლიგაში დიდი ამბიციებით მიდის და გულშემატკივრებს პირდება, რომ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვებას მალევე მოახერხებს.
მიუხედავად სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიოში კარგი თამაშისა, ქართველის მომავალი პოპოვიჩის გუნდში ბუნდოვანია, რადგან მას კლუბთან კონტრაქტი აღარ აკავშირებს. 23 წლის კალათბურთელი სპურსს მარტის დასაწყისში შეუერთდა და გაზრდილ წუთებთან ერთად სტატისტიკაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

ვემბანიანამა ცენტრის და არც თუ ისე ხშირად მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც თამაშობს, ამან კი, შესაძლოა, მამუკელაშვილის სათამაშო დროის შემცირება გამოიწვიოს. ამერიკული მედია, კერძოდ, გამოცემა The Game Haus ოპტიმისტურადაა განწყობილი და წერს, რომ ქართველ კალათბურთელს კონტრაქტს, დიდი ალბათობით, გაუფორმებენ. ავტორი სან ანტონიოს თავისუფალ აგენტებს ასახელებს და მათ შორის სანდროცაა.
"მამუკელაშვილს და შემპენის სეზონის ბოლოს სათამაშო დრო გაეზარდათ და დიდი ალბათობით, სან ანტონიოში დაბრუნდებიან, რადგან გუნდში მნიშვნელოვანი როლები ჰქონდათ", - წერს ამერიკული გამოცემა.
სანდრო 19 მატჩში საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა, თამაშიდან კი 45.3% სიზუსტით ისროდა (34% სამქულიანები). ჯერჯერობით, უცნობია, გააფორმებს თუ არა სპურსი მასთან კონტრაქტს, მაგრამ ცალსახაა, რომ ასეთი სეზონის შემდეგ, დიდი ალბათობით, მამუკელაშვილი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დარჩება.
კომენტარები