- ბარსელონა სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს
- კატალონიელების სიაში იოზუა კიმიხიცაა
- რობერტ ლევანდოვსკი გერმანელს ბარსაში გადასვლას ურჩევს
ბოლო დროს ესპანურ და გერმანულ მედიაში იწერება, რომ ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერი იოზუა კიმიხი შეიძლება ბარსელონაში გადავიდეს. ასეთი ცნობების გავრცელებას ხელი შეუწყო იმ ამბავმა, რომ გერმანული მედია წერდა, მიუნხენური გრანდის მწვრთნელი თომას ტუხელი კიმიხისთვის პოზიციის შეცვლას აპირებს და მის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გამოყენებას აღარ გეგმავსო.
ბაიერნის ყოფილი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ახლა ბარსელონაშია, ექს-თანაგუნდელს კატალონიურ გრანდში გადასვლას ურჩევს.
“იოზუა კიმიხს ვეტყოდი, რომ ბარსელონაში გადმოსვლა ნამდვილად ღირს,” - უთხრა ლევანდოვსკიმ პოლონელ ჟურნალისტ ტომაშ ვლოდარჩიკს, - “აქ ბაიერნისგან განსხვავებული გარემოა. ორივე დიდი გუნდია, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირადაა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ცხოვრება, ასევე ენა, გამოცდილება, გამოწვევები… ყველაფერი.”

ესპანური მედია წერს, რომ ბარსელონას კიმიხი ბუსკეტსის შემცვლელად სურს, რომელიც კატალონიურ გრანდს ტოვებს. შეგახსენებთ, რომ კიმიხს ბაიერნთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული. ცნობილია, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს 28 წლის კიმიხის გაყიდვა არ სურთ - ის ბაიერნში 2015 წლიდან თამაშობს. ამავდროულად, გერმანული SPORT1 იტყობინება, რომ თვითონ კიმიხი ბაიერნიდან წასვლაზე დაფიქრდა, ოღონდ მას შემდეგ, რაც მიუნხენურ გრანდში ბოლო თვეებში ქაოსი დაიწყო - მწვრთნელის მოულოდნელი შეცვლა და ა.შ. ცნობილია, რომ კიმიხს მიუნხენური გრანდის ყოფილ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მისი გაშვება უდიდეს უსამართლობად მიაჩნია. ნაგელსმანის წასვლის შემდეგ კიმიხი უკმაყოფილებას არც მალავდა.
კომენტარები